მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ცვლილებებს მხარს უჭერენ, უბრალოდ ხმას არ აძლევენ, ასეა მათი ამომრჩეველიც
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ცვლილებებს მხარს უჭერენ, უბრალოდ ხმას არ აძლევენ, ასეა მათი ამომრჩეველიც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს უჭერენ, უბრალოდ ხმას არ აძლევენ.

მისივე თქმით, ანალოგიურად მოქმედებს მათი ამომრჩეველიც – მხარს უჭერენ, თუმცა არჩევნებზე რეალურად 3 პროცენტი აძლევს ხმას.

„ბატონო არჩილ, ბოდიშის მოხდით უნდა შეგისწოროთ, ესენი მხარს უჭერენ რეალურად, უბრალოდ ხმას არ აძლევდნენ. ასეა მათი ამომრჩეველიც, მხარს უჭერენ, მაგრამ 3 პროცენტი აძლევს ხმას. ასეთი შედეგი მოგვცა რეიტინგებმა. ამიტომ, მაპატიეთ რომ შეგისწორეთ.

რეიტინგებს რაც შეეხება, ბატონო სერგი, თქვენები რეიტინგებს რომ აქვეყნებენ, თქვენები, ამას შემთხვევით არ ვამბობ, ის მინიმუმ 20 პროცენტი სცდება რეალობას და იმას ვერ გავითვალისწინებთ, ძალიან დიდი ბოდიში. ახალი პიარული თავხედობაა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯ-ბოქსში – „ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს. ოღონდ, „ნაცები“ ამბობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება კომუნიკაციებს, მე მგონი, თქვენ მართლა რაღაცის იმედი გაქვთ ილუზიაში, ერთმანეთს რომ ელაპარაკებით პარტიაში და არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი, თეორიულადაც არ გინდათ ამის დაშვება, რადგან როგორც გააკეთეთ, 12-მდე სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდეთ რუსებს და ვითომ ანტირუსულ კამპანიას თქვენ ალაგებთ ამ ქვეყანაში.

ეს გინდათ ალბათ რომ გააგრძელოთ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ, რადგან ვერ მიყიდდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს. ეს გაწუხებთ ახლა შინაგანად, ეს შფოთვები გაქვთ და როცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, რას ჰქვია განიხილავთ ამ თემასო, რას ჰქვია ეროვნული ინტერესებიდან გამოდიხართო. აი, აქ ხართ დღემდე, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ ამას აუცილებლად ვეტყვით ხალხს და ხალხიც გაიგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.