მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია

ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არის.

„მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია, მიუხედავად იმისა, გულწრფელად ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მათი მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრი, რომელიც არის უკიდურესად სუბიექტური ამ პროცესების შეფასების დროს. მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია. შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას, სამართლიანობას და სამართალს დაუპირისპირდეს. როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პრინციპულად არც კი ვსაუბრობთ, არც კი შევდივართ თემებში, ეს ის თემებია, სადაც უნდა წახვიდე სახელმწიფოს წინააღმდეგ, სამართლისა და სამართლიანობის წინააღმდეგ და ბუნებრივია, ამაზე ჩვენ არ, ვერ წავალთ. ამას არც ამომრჩეველი გვაპატიებს და არც საკუთარ მორალში ზის ეს ყველაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საუბარი უნდა იყოს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზე, რათა დასრულდეს მოგონილი და ხელოვნური კრიზისის დღის წესრიგში ყოფნა.

„ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ მარტო ხვალინდელ დღეზე, უნდა ვისაუბროთ ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზე, უნდა დავასრულოთ ამ მოგონილი და ხელოვნური კრიზისის დღის წესრიგში ყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის გაწერილ დღის წესრიგზე დღენიადაგ საუბარი და უნდა გადავიდეთ იმ თემებზე, თქვენც მოგიწოდებთ და გთხოვთ, გაშუქებას იმ თემებისა და საქმის, რომელიც ქვეყანაში ბევრი კეთდება. ამ ოთხთვიანმა მოგონილმა კრიზისმა წაიღო და წალეკა მთლიანად მედიასივრცე. სხვაზე არაფერზე არ აწყობთ საუბარი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოსტკრიზისულ სიტუაციაზე, მისი აღმოფხვრის გზებზე, ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, ამ მძიმე კრიზისის დაძლევაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, როდესაც ვაქცინაციაზეა საუბარი, ენერგოდამოუკიდებლობაზე, ინვესტიციებზე, როგორ აღვადგინოთ ის პირობები მაინც სამუშაო ადგილებზე, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა. ამ საკითხებზე მიდის მუშაობა, თუმცა საზოგადოების ყურადღება ვერ ექცევა მხოლოდ იმის გამო, რომ საინფორმაციო ველზე სხვა დღის წესრიგია. ამიტომ უნდა გადავიდეთ რეალურ საქმეებზე, საუბარზე, რომ საზოგადოებამ დეტალურად იცოდეს, რა ხდება ამ ქვეყანაში და არ იყოს ხელოვნური და მოგონილი კრიზისი დღის წესრიგში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან და აღნიშნეს, რომ 15 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.