მამუკა მდინარაძე - ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის კონსტიტუციას არღვევს
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის კონსტიტუციას არღვევს

ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმპიჩმენტის საკითხის დაყენება ამის საილუსტრაციოდაც კარგი იყო.

„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. პრაქტიკული თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა. ყველა ამბობს, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს. პრაქტიკულად, არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთის, „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც ჰყავს ოთხკაციანი შემადგენლობა და მათთან ერთად შეიძლება 88 ხმის მოგროვება. ჩვენ უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ რასაც ვვარაუდობდით, ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. ჩვენ მათთან კონსულტაციებს, რომ ვიღაცას ხვეწნა დავუწყოთ, იცით რა, იქნებ იმპიჩმენტის საკითხში მხარი დაგვიჭიროთ, არ ვაპირებთ. ხვეწნას არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ მათ მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთიი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამის საილუსტრაციოდაც კარგი იყო იმპიჩმენტის საკითხის დაძვრა. ამაშიც მართალი აღმოვჩნდით, რომ ორდღანი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების თვალსაზრისით აზრი არ ჰქონდა, მაინც გადავწყვიტეთ  დაგვეფიქსირებინა, ისტორიას შემორჩენოდა, ჩვენი რეაქცია გვქონოდა და არ გაგვეტარებინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ადამიანი, რომელიც პირველ რიგში უნდა იცავდეს მთავარ კანონს და უნდა იყოს მისი მყარი გარანტი, ის ადამიანი არღვევს და სხვები, რომლებიც ამას უწონებენ და არ უერთდებიან იმპიჩმენტის საკითხს კონსტიტუციის დარღვევის გამო, რაც უპირობო საფუძველია იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის, ნიშნავს იმას, რომ არიან თანამზრახველები კონსტიტუციის დარღვევაში. თან როდესაც ამას ახლავს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ და მისი პატრონების ნარატივში ზის და ამბობს, რომ სწორი იყო შარშანდელი გადაწყვეტილება, წელს ამბობს, რომ ფორმალურად სრულდება რეკომენდაციები და სტატუსს წელსაც არ იმსახურებს, მაშინ როდესაც მოცემულობა და რეალობა სხვაგვარია. ვფიქრობ, მორალურადაც მართლები ვართ და სამართლებრივადაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ცუდია, რომ პრეზიდენტი არღვევს მთავარ კანონს და მეორე მხრიდან პიარი ლაგდება ისე, თითქოს იმპიჩმენტს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა აღძრავს იმის გამო, რომ მას უნდოდა კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა.

„სინამდვილეში, ჩვენ რომ დარწმუნებული ვართ, რომ პირიქით ხდება და ეს რადგან ოპოზიციის ნარატივში ზის, სადაც მთავარი მიზანია, როგორღაც საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს დაბრალდეს ხელისუფლებას და შემდეგ გამოიყენონ სხვადასხვა მიზნისთვის, მორალურ მხარეს ეს ამართლებს.  რეალურად როდესაც იცი, პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმას ნიშნავს, რომ მორალურადაც მართალი ხარ. პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, როდესაც ქვეყნის უზენაესი კანონი ირღვევა, შენ უნდა გქონდეს რეაქცია, სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო პროცედურა“, – აღნიშნა მდინარაძემ.