მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტი მეოთხე კენჭისყრაზე აირჩევს.

მისივე თქმით, ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ და წინასწარ ამზდებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ისაუბრონ. მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს წარმოდგენილ კანდიდატებს.

„უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები, ოპონენტები რას აპირებენ არჩევნების შემდეგ და მანამდე. დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს იმისას, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ. არჩევნები იდეალურადაც რომ ჩატარდეს, ამის გამოძახილია ის, როგორც დღეს იქცევიან, ცესკო-ს არ უჭერენ მხარს. კანდიდატების მიმართ რეალური პრეტენზიები ვერ ექნებათ. მათ აქვთ მიზანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ისევ სპეკულაციები დაიწყონ. ამ დროს ჩვენ ვნახეთ „გაყალბებული“ არჩევნების პროექტი როგორ ჩავარდა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ პარალელური დათვლის შედეგები. ჩემი ვარაუდით, მეოთხე კენჭისყრაზე იქნებიან კანდიდატურები არჩეული, რადგან მეოთხე კენჭისყრა უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

დატოვე კომენტარი