მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ საარჩევნო სისტემის იმ ვარიანტს, რაც თავის დროზე რეფერენდუმზე ხალხმა დაადასტურა
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ საარჩევნო სისტემის იმ ვარიანტს, რაც თავის დროზე რეფერენდუმზე ხალხმა დაადასტურა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შეთავაზება არ მოსწონს, თუმცა მათგან რაიმე ალტერნატიული წინადადებაც არ მოუსმენიათ.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება ძალაშია და ახლა პასუხს სწორედ ოპოზიციისგან ელოდებიან.

ამასთან, მდინარაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი წარუდგინა.

„მეოთხე რაუნდზე ოპოზიციას ჩვენი საარჩევნო ვარიანტი შევთავაზეთ. თუ ეს არ მოსწონთ და მოვისმინეთ, რომ არ მოსწონთ, მაგრამ შემხვედრი ვარიანტი არ მოგვისმენია. არანაირი ახალი ვარიანტი არ შემოუთავაზებიათ. გახსოვთ, რომ ბოლო შემოთავაზება მათი მხრიდან იყო ავღანური სისტემა, რაზეც ვუთხარით, რომ მიუღებელია. ეს იყო თითქოს გამოსავლის ძიებაში მოფიქრებული ვარიანტი, თუმცა აბსოლუტურად მიუღებელია და არაპრაქტიკული. რეალური მოდელის ვერ წარდგენის შემდეგ, წარვუდგინეთ გუნდში შეჯერებული ვარიანტი, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე მიდის და მაჟორიტარების რაოდენობას ამცირებს. სხვათა შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  2005 წელს, რეფერენდუმის სულისკვეთების შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, 75-75-ზე გადავიდა. იმ ვარიანტს ვთავაზობთ, რაც თავის დროზე რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა. მათ პასუხს ველოდებით“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა პოლიტიკურ სპექტრს შესთავაზა, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.