მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას უბნების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა პირველივე შეხვედრაზე შევთავაზეთ, მაგრამ უარი მივიღეთ, ამ ინფორმაციის მეორე შეხვედრის შემდეგ გავრცელება სპეკულაციაა
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას უბნების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა პირველივე შეხვედრაზე შევთავაზეთ, მაგრამ უარი მივიღეთ, ამ ინფორმაციის მეორე შეხვედრის შემდეგ გავრცელება სპეკულაციაა

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას პირველივე შეხვედრაზე შესთავაზეს უბნების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ჩვენება, რაზეც უარი მიიღეს. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის მეორე შეხვედრის შემდეგ გავრცელება სპეკულაციაა.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მხარეები და ულტიმატუმის ენით საუბრობენ, ასეთ მოლაპარაკებას პერსპექტივა არ აქვს.

„ორი შეხვედრა იყო ჩვენსა და ოპოზიციას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი რომელ შეხვედრაზე დადგა. ოპოზიციამ ამის შესახებ ინფორმაცია გაახმოვანა მეორე შეხვედრის შემდეგ. ჩვენი მხრიდან ეს შეთავაზება მოხდა პირველივე შეხვედრაზე, უბნების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა, რომელიც ყველა უბანზე მიმდინარეობდა. პირველივე შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან ჩვენ უარი გვქონდა მიღებული და მეორე შეხვედრაზე მათ ამ ინფორმაციის გავრცელება გამოიყენეს, როგორც ხერხი იმისა, რომ დაეკავშირებინათ ცესკო-ს გარკვეულ მოქმედებასთან. ოღონდ აქაც არაფერ შუაში არ იყო. 19 ნოემბრამდე შესაძლებელია, რომ ცესკო-მ მაგალითად, თავის ინიციატივით უბნები გადათვალოს.

აქედან გამომდინარე, ეს იყო მორიგი სპეკულაცია. პირველივე შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძის მხრიდან უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაყენებული იყო საკითხი, რაზეც იმავე შეხვედრაზე, როდესაც ცესკო-ს მოქმედება განხორციელებული არ ჰქონდა, ეს ინფორმაცია ოპოზიციის მხრიდან გახმოვანდა მეორე შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ და უფრო მკაფიოდ გააკეთეს ხაზგასმა. როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან მხარეები და წაყენებულია ულტიმატუმი, ასეთ მოლაპარაკებას პერსპექტივა არ აქვს, თუ ეს ულტიმატუმი ეს რადიკალური პოზიცია არ შეიცვალა. მოლაპარაკების კარი ღიაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ფიქრობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესის საგანია.

„ჩვენ ამის მიუხედავად, მოლაპარაკების პროცესში ვრჩებით, რადგან ეს შედის საზოგადოებრივ-სახელმწიფო ინტერესში და ჩვენ ამ კარის დაკეტვას არ ვაპირებთ. ნებისმიერი მათი გზავნილის მიუხედავად, ვფიქრობთ, მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ულტიმატუმის ენა და საკითხები, რომელიც რადიკალურია და პერსპექტივაში კონსენსუსამდე და კომპრომისამდე ვერ მიგვიყვანს, არ უნდა იყოს მათი მხრიდან დაყენებული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.