მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას სურს ისეთი მოდელი, რომლითაც, მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს, ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას სურს ისეთი მოდელი, რომლითაც, მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს, ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს

როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, მაგალითად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს, ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მოდელი, როდესაც მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი მხარდაჭერის პირობებში პარტია აგებს არჩევნებს.

„ვერაფერს ვერავის ვერ მოუწყობენ და მათი ბაქიბუქი ვხედავთ, რა შედეგებითაც მთავრდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია რა ხდება სინამდვილეში.

პირველი მათი წინადადება იყო, რომ კონსტიტუციის შეუსაბამო პროექტი მიგვეღო კანონის სახით, ეს იყო პირველი არარეალური შემოთავაზება და დაარქვეს ამას გერმანული მოდელი და ვერ გაარჩიეს, რომ პროპორციული არ უდრის შერეულ სისტემას, მეორე მათი შემოთავაზება იყო, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ჩვენ მიგვეღო ცვლილებები ავღანური მოდელის მიხედვით, რაც მიზანშეწონილობის ელემენტარულ ტესტს ვერ გადიოდა. დღეს, მას შემდეგ, რაც ვერც ერთ რეალური წინადადება ვერ წარმოადგინეს, ვუთხარით მათ, რომ რაციონალური წინადადება შესაძლებელია იყოს ის, რომ გაიზარდოს პროპორციული მანდატების რაოდენობა, რაზეც ისინი, როგორც ჩანს, არ თანხმდებიან, თუმცა დიალოგის კარი არ დახურულა. მხოლოდ ამაზე შევთანხმდით და იანვარში გაგრძელდება ამაზე საუბარი. როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიმართ მაღალი მხარდაჭერისა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს, ასეთი მოდელი ბუნებაში არ არსებობს. მსოფლიოში არ არსებობს მოდელი, როდესაც მაღალი ლეგიტიმაციის და მაღალი მხარდაჭერის პირობებში აგებ არჩევნებს.ასეთი შემოთავაზებები არარელევანტური და არასერიოზულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.