მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, წლები რომ გადის და მათი რეიტინგი მცირდება, უნდა მიხვდნენ, რაღაცები შეცვალონ
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, წლები რომ გადის და მათი რეიტინგი მცირდება, უნდა მიხვდნენ, რაღაცები შეცვალონ

ჩვენს ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება, ასეთი შეიძლება იყოს ახალი შექმნილი პარტია, მაგალითად, ერთი წლის პარტია და მერე შეიძლება იყოს მზარდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ პარტიებმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ, შესაძლოა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, საკუთარ ქმედებებს უნდა გადახედონ.

„წლები რომ გადის და მათი რეიტინგი, გაზრდის ნაცვლად, მცირდება, უნდა მიხვდნენ, ბარიერზე კი არ უნდა იწვალონ და თხოვნებით იყვნენ წარმოდგენილი, არამედ რაღაცები შეცვალონ, ან მესიჯბოქსში, ან ქმედებაში, ან, სულ მცირე, თავიანთი ქვეყანა არ უნდა დააზიანონ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ამით დაზიანდეს ხელისუფლება. თუ ამას ვერ ხვდებიან და 90 ათასი ხმის მოგროვების შანსიც არ აქვთ, უნდა გადააფასონ თავიანთი პერსპექტივები, მოვლენები, მესიჯები და ა.შ. ვფიქრობ, მხოლოდ ამით არის გამოწვეული, რომ რამდენიმე ადამიანს უნდა პარლამენტარის მანდატი და არ აქვთ ის ამბიციები, რომელზეც თავად საუბრობენ ხოლმე. რაც შეეხება იძულებას, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ევროკომისიის წარმომადგენლებმა გვითხრან, რომ რაც არის ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ის არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაშიო. ევროპაში რაც არის მიჩნეული კარგად, ის როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს ცუდი? ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ხისტი პოზიცია ექნებათ ჩვენს  ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ბარიერის დაწევის საკითხზე ირაკლი კობახიძის მიერ 2022 წელს გაკეთებული განცხადება ისე წარმოაჩინოს, თითქოს მიმდინარე წელს იყო ნათქვამი მსგავსი რამ.

„„Ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს თუ რაიმე რესურსი გააჩნია სოციალურ ქსელში, ცდილობენ, 2022 წელი მოაშორონ ირაკლი კობახიძის ნათქვამს და სოციალურ ქსელში დასპონსორებული სტატუსები გვხდება, სადაც საუბარია, თითქოს წელს მოხდა ეს ამბავი. ასეთი მარტივი ტყუილის ტირაჟირებას ცდილობენ. არეკლამებენ ისეთ პოსტებს, სადაც საუბარია, თითქოს 2023 წლის დეკემბერზე იყო საუბარი, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა კანდიდატის სტატუსზე და შესაბამის დათქმაზე ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. დღეს მოცემულობა აღარ გვთავაზობს, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.