მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ჩემზე არანაკლებ კარგად იცის, რომ რეზოლუციის პროექტი გამომდინარეობს ეროვნული ინტერესიდან, გამოხატავს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და მაინტერესებს, მხარს დაუჭერენ თუ არა
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ჩემზე არანაკლებ კარგად იცის, რომ რეზოლუციის პროექტი გამომდინარეობს ეროვნული ინტერესიდან, გამოხატავს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და მაინტერესებს, მხარს დაუჭერენ თუ არა

უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ხვალ პარლამენტის ხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.

ოპოზიცია რეზოლუციაში „რუსეთის ფედერაციის“ ჩამატებას ითხოვდა.

„ამ მოცემულობით, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერენ თუ არა? ეს ტექსტი ხვალ ასევე გამოვა სხდომაზე დასამტკიცებლად. პირდაპირ გეუბნებით,10-მდე ადამიანი გვყავს იზოლაციაში. 10-მდე ადამიანი არის კოვიდინფიცირებული ან კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი. მე მაინტერესებს, ხვალ ოპოზიცია მხარს დაუჭერს თუ არა ამ ტექსტს, რომელიც ჩემზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ასეა საჭირო, ასე გამომდინარეობს ეროვნული ინტერესიდან, გამოხატავს უკრაინელი ხალხის, ხაზსს ვუსვამ, ინტერესებს, მათი სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მაინტერესებს, მხარს დაუჭერენ, თუ ამ ერთ ფრაზას გაეკიდებიან, რომელიც ხან მნიშვნელოვანია, ხან, ჩემზე კარგად იცით. მაინტერესებს, გაეკიდებიან ამ ერთ ფრაზას და არ დაუჭერენ მხარს ამის გამო?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანამდე, „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხსენება.

„რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება არის მარტივი, რეზოლუციის მიღება რომ არ გავართულოთ და ის სარგებლობდეს სრული მხარდაჭერით, ჩაიწეროს „რუსეთის ფედერაცია“, ისე, როგორც ამას გვთხოვს ჩვენ უმაღლესი რადა. უკრაინის უმაღლესი რადას მოწოდებაში ცალსახად და არაერთხელ ხაზგასმულია, რომ მკაცრად დაიგმოს რუსეთის ფედერაციის მოქმედებები უკრაინის მიმართ. ამიტომ ჩვენ რამდენადაც მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენს კოლეგებს უმაღლესი რადიდან, აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ხსენება. გარდა ამისა, პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ასევე პირდაპირ არის საუბარი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ მოქმედებებზე უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა წარმოდგენილი, არ ასახავს არც მოქალაქეების და არც ქვეყნის პოზიციას.

„დიდი მადლობა, რომ რეზოლუციაზე მუშაობისთვის მზად იყო უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად. სამწუხაროა,რომ ტექსტი, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენი აზრით, არ ასახავს არც მოქალაქეების და არც ქვეყნის პოზიციას. მას აკლია რუსეთი, როგორც აგრესორი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.