მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკების პროცესში ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს
მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკების პროცესში ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წითელ ხაზებზე და არც სხვა დეტალებზე საუბარი არ შეიძლება.

მამუკა მდინარაძე არ აკონკრეტებს, დიალოგის პროცესში რა საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია და რას სთავაზობს მმართველი გუნდი ოპოზიციას.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს.

„ოპტიმიზმის საფუძველს თუ რამე გვაძლევს, მათ შორის იყო დანიელსონის გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დარჩა, რათა მისი მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელებულიყო. სამწუხაროდ, ვერაფერზე მინიშნებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზედმიწევნით ვიცავთ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებას, რომ საკითხებზე არ ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ასე არ ხდება. ოპოზიცია არა თუ დეტალებზე საუბრობს, არამედ ამ დეტალებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. მოლაპარაკების დეტალებზე არ უნდა ილაპარაკო და მაინც რომ ლაპარაკობ, ხომ ცუდია, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე რამეა, როცა ამ დეტალების გარშემო არასწორ ინფორმაციას ავრცელებ. ჩვენ საშუალება გვექნება, მოლაპარაკების დეტალებზე ბევრი ვილაპარაკოთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგება. არ შეიძლება, არც წითელ ხაზებზე და არც სხვა დეტალებზე საუბარი. საუბარი შეიძლება მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი და გამომდინარეობს სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან. მედიაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ პროცესი სამართლიანი პირობებით დასრულდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი