მამუკა მდინარაძე - ოპონენტებს დავეთანხმები, რომ „ქართული ოცნების“ უპირატესობა გაიზარდა, თორემ ეს უპირატესობა აქამდეც საგრძნობი იყო
მამუკა მდინარაძე - ოპონენტებს დავეთანხმები, რომ „ქართული ოცნების“ უპირატესობა გაიზარდა, თორემ ეს უპირატესობა აქამდეც საგრძნობი იყო

ოპონენტებისთვის წარმოუდგენელი სტრესის საფუძველია ის, რომ თუ ხელისუფლების მხარდაჭერა პირობითად 50 პროცენტი იყო, შეიძლება, დღეს 60 პროცენტი და მეტი იყოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„იციან, რომ თუ რაღაც შანსი არ ჰქონდათ, დღეს მათი უშანსობა კიდევ უფრო გამყარდა და ამიტომ არის, რომ არ იციან, რას მიედ-მოედებიან და რას ლაპარაკობენ. როგორ შეიძლება, გავიდნენ იმ შეთანხმების პირობებიდან, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი და დაალაგონ მესიჯი, რომ თუ ჩვენს მეგობრებს არ გამოუშვებთ, ამ შეთანხმებას და ხალხის დაკვეთას მხარს არ დავუჭერთო. აი, ამ ნარატივში ჩასხდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთ რამეში დავეთანხმები მათ, რომ „ქართული ოცნების“ უპირატესობა გაიზარდა, თორემ ეს უპირატესობა აქამდეც საკმაო და საგრძნობი იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას საბოლოოდ, მაინც მოუწევს შეთანხმების შესრულება, რადგან ელჩების დღევანდელი პასუხი კიდევ უფრო ამყარებს იმ პოზიციას, რასაც მმართველი გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ოქტომბერში ისევ არსებული სისტემით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას და შემდგომ, დამტკიცების პროცესს გაემიჯნებიან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ დაუჭერს მხარს ცვლილებებს დანარჩენი ოპოზიციიდან.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს – „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩვენ დღეს არ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის იქით, ეს დამოკიდებული იქნება დანარჩენ დეპუტატებზე. შესაძლებელია, გავიდეს და შესაძლებელია, არ გავიდეს. თუ ჩვენ დავუჭერთ მხარს და სხვები არ დაუჭერენ, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა უბრალოდ, ვერ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.