მამუკა მდინარაძე - ოღონდ გამოჩნდეს უკეთესი პოლიტიკური ძალა და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ
მამუკა მდინარაძე - ოღონდ გამოჩნდეს უკეთესი პოლიტიკური ძალა და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ

პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, საქართველოში დღეს არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ არსებობს.

„რაც უნდა სამწუხარო იყოს ზოგიერთი მავნებელი პოლიტიკური ძალისათვის, პარტიას და მის აქტივს აქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ 50-პროცენტიან მხარდაჭერას, რადგან დღეს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი პოლიტიკური ძალა, უფრო მართალი, უფრო გულწრფელი და მშრომელი, საქართველოში არ არის. თუკი გამოჩნდება, ხელისუფლებას არავინ ჩაეჭიდება, დამიჯერეთ. ოღონდ გამოჩნდეს უკეთესი პოლიტიკური ძალა და ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ. უღირს კონკურენტებსაც კი ღირსეულად ვპასუხობთ ხოლმე, მაგრამ კიდევ უფრო ღირსეულები ვიქნებით ჩვენს ღირსეულ პარტნიორებთან კონკურენციაში. ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, დღეს არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.