მამუკა მდინარაძე - ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, უნდა გაგვიჭირდეს სერიოზულად საუბარი იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ერთი პარამეტრით რეალობასთან თითქოს ახლოსაა, მეორეთი 40 პროცენტით აცდენილია
მამუკა მდინარაძე - ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, უნდა გაგვიჭირდეს სერიოზულად საუბარი იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ერთი პარამეტრით რეალობასთან თითქოს ახლოსაა, მეორეთი 40 პროცენტით აცდენილია

ოდნავ მაინც ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ უნდა გაგვიჭირდეს სერიოზულად საუბარი იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ერთი რაღაც პარამეტრით რეალობასთან თითქოს ახლოსაა, მაგრამ მეორეთი 40 პროცენტით აცდენილია ამ ყველაფერს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 29 აპრილს ჩატარებულმა არჩევნებმა უტყუარად დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაზრდილია.

„20 პროცენტი აქვს ანუ „ქართულ ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“ – 5, ყველა დანარჩენს ერთად – 6. ცნობილი გიფი გახსოვთ? გაოცებული ძალიან ცნობილი ადამიანი რომ აქეთ-იქით იხედება, ამ მდგომარეობაში შეიძლება აღმოგვაჩინოს ამ კვლევებმა. „ენდიაი“ თან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ პარტიას ერთად, ორჯერ მეტი მხარდაჭერა. არ ვიცი, გაეპარათ ეს მონაცემი, თუ რა მოხდა, რადგან თუ სხვას, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, აქვს 11 პროცენტი, „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს, ხომ? შეიძლება, ეს იყოს სიმართლესთან ახლოს, მაგრამ, ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ 20 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი, 40-პროცენტიანი ცდომილება, რადგან რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ, ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 60 პროცენტი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, იმ დათქმით, რომ ყველაზე მაღალი აქტივობა რომ ყოფილიყო, რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ოლქებსა და უბნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა. გამოდის, რომ 40-პროცენტიანი ცდომილების რეკორდი დაფიქსირდა. თუ ცალკე ციფრებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და, უბრალოდ, ორჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე, კი ბატონო, შეიძლება, დაახლოებთ ასეთი რეიტინგი იყოს. ოდნავ მაინც ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ უნდა გაგვიჭირდეს სერიოზულად საუბარი იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ერთი რაღაც პარამეტრით რეალობასთან თითქოს ახლოსაა, მაგრამ მეორეთი 40 პროცენტით აცდენილია ამ ყველაფერს. ყველაზე მაღალი აქტივობის შემთხვევაში, იმ ოლქებსა და უბნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, უკონკურენციო, უმოტივაციო არჩევნებში, რამდენი ადამიანიც მივიდა, ის იქნებოდა დაახლოებით 60 პროცენტი. თერჯოლას გადავეკიდე, რადგან ძალიან მიყვარს, ჩემი მშობლიური რაიონია და ზუსტად მახსოვს იქაური მონაცემი. თერჯოლაშიც ჩატარდა არჩევნები, კონკურენტი არ ჰყავდა მერობის კანდიდატს. 9 100-ზე მეტი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ წინა შემთხვევაში და დაახლოებით 11 700 ახლა. ანუ, 100 ადამიანი რომ მისულიყო, მაინც იმარჯვებდა ეს კანდიდატი, მივიდა რამდენიმე ათასით მეტი. ციფრებს და რიცხვებს საერთოდ თავი რომ დაანებო, ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სულ მცირე, ის ხომ მაინც უნდა აღიარო, რომ, წინა შემთხვევებთან, 2021 წლის რეიტინგთან შედარებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაზრდილია. ეს ხომ უტყუარად დადასტურდა. რეკორდულად მაღალი აქტივობა თუ იქნებოდა დაფიქსირებული, დაახლოებით 60 პროცენტს მაინც აღწევდა ჩვენი მონაცემები, ამ დროს ზოგი გეუბნება 19 პროცენტს, ზოგი – 20 პროცენტს, 40-პროცენტიანი ცდომილება უკვე რეკორდულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, არცერთ პარტიას – 34%, არ ვიცი – 26%, სხვა პარტიებს, ჯამში, 6%. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდნენ.