მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას სურს, ჩვენ დაგვაბრალოს რაღაცები და როგორც კი ტყუილის საპასუხოდ ხმას ამოვიღებთ, იმ წუთას პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდეს
მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას სურს, ჩვენ დაგვაბრალოს რაღაცები და როგორც კი ტყუილის საპასუხოდ ხმას ამოვიღებთ, იმ წუთას პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდეს

ნიკა მელიას თუ უნდა, თან გირაო არ გადაიხადოს, თან სახელმწიფოს დაკნინება სცადოს და კანონის ნაცვლად მიშას ჭკუაზე იაროს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ადეკვატური უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ნიკა მელია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ მისთვის გირაოს გადახდას აპირებს.

„საზოგადოება ნიკა მელიას მხრიდან ორ პოლიტიკურ აბსტრაქციას ხედავს. ერთის მიხედვით, მელიამ წარმოადგინა მოსაზრება, თითქოს, „ქართული ოცნება“ გაგიჟებულია და ცდილობს, გირაო გადაუხადოს ფარული გზით. მეორე, პოლიტიკური აბსტრაქცია ისაა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნაა. უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთთან არათავსებადია.

მას ჩვენ მიმართ ხელი რომ არ გამოეშვირა და ასეთი სისულელე არ დაებრალებინა, ბუნებრივია, არც დავაპირებდით, მის განცხადებაზე გველაპარაკა. როგორც კი საზოგადოებას მოატყუებს, რაიმეს დაგვაბრალებს, თითქოს, ადამიანებს ვეძებთ, რომ გირაო გადავიხადოთ, ამ დროს ნუ გაუკვირდება, რომ პასუხს გავცემთ. მას რა უნდა, თან ჩვენ დაგვაბრალოს რაღაცები და როგორც კი ხმას ამოვიღებთ ტყუილის საპასუხოდ, იმ წუთას პოლიტიკურ დევნაზე ალაპარაკდეს, მაშინ როცა თავად საუბრობს იმაზე, თითქოს, ჩვენ გვერდითა გზებით რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ. ამ დროს დასტურდება, რომ ის აპირებს იმავეს გაკეთებას. არ ვიცი, შეიძლება, ახლა კომპლექსი გაუჩნდეთ და არ გააკეთონ”, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია პოლიტიკურ სპეკულაციაში არ შევა და გირაოს გადაიხდის. მდინარაძის განცხადებით, პროკურატურა პარლამენტს მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე თუ მიმართავს, საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბება.

„როცა გულზე მჯიღს ირტყამენ, დაფიქრდნენ, რომ ხვალაც რაღაც ექნებათ სათქმელი და ეს ხვალ იქნება პოლიტიკური აბსტრაქცია. თუ პროკურატურა პარლამენტს მომართავს, პირველი რაც იქნება, უმრავლესობა შეიკრიბება გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც ერთი დეპუტატი და ადამიანი ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე კლასიკური შემთხვევა, როცა პარლამენტი, პროკურატურა და სასამართლო ვერ შეეწინაღმდეგება იმ საყოველთაო დათქმას და პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი რომელიმე აღკვეთის ღონისძიების პირობებს არ ასრულებს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. ეს ხდება საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში”, – დასძინა მდინარაძემ.