მამუკა მდინარაძე - ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის დიპლომის სინამდვილეშიც ეჭვი არ გვეპარება, ასევე 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ
მამუკა მდინარაძე - ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის დიპლომის სინამდვილეშიც ეჭვი არ გვეპარება, ასევე 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ

გავიხსენეთ კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეკითხვები გვქონდა წინა კანდიდატთან, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან. თქვენ, მათ შორის ჩვენგან მოისმინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს მისი დიპლომის ნამდვილობაში, იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდანაც მთელი დღის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენდით. ამის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს და ასეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არგუმენტი მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც იყო, რომ შეუძლებელია, დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე, რადგან ამ ინსტიტუტს 2003 წლის შემდეგ მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი.

„შემდეგ იყო მოთხოვნა, რომ თუნდაც ერთი დიპლომი წარმოდგენილიყო ანალოგიურად, შალვა თადუმაძის მოტანილი არგუმენტით, რომ მანამდე იწოდებოდა და ასე ოპერირებდა ეს ინსტიტუტი და საგადასახადო რეესტრში დაფიქსირებული იყო შემოკლებით, როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. შევპირდით საზოგადოებას, რომ შევეცდებოდი, უმოკლეს ვადაში მომეძიებინა დამატებითი არგუმენტები ნებისმიერი მიმართულებით და თქვენთან ერთად, ბატონო ანრი, ჩვენ გავიხსენეთ ასეთი კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა. მისი დიპლომი მოვიძიეთ, რომელშიც 2002 წელი ფიქსირდება, ანუ 2003 წლამდე პერიოდი დამთავრების თარიღად. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ეს საჯაროა. იმიტომ, რომ ქალბატონმა ნაზიმ, სხვათა შორის რომლის კვალიფიკაციაშიც და დიპლომის სინამდვილეშიც ეჭვი არ გვეპარება, ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი ჩვენ არ გვქონდა, ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო ასევე კანდიდატი და შემდეგ მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენთან ერთად ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი. ასე რომ, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ ინსტიტუტის დასახელებაში, მოგვიწევს გვერდით გადავდოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.