მამუკა მდინარაძე - ნამდვილად არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაში იყო
მამუკა მდინარაძე - ნამდვილად არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაში იყო

პირადად მე ნამდვილად არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადებაში იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალის“ განცხადებაში ბევრი სიმართლე წერია, ისეთი სიმართლე, რაზედაც უმრავლესობის წარმომადგენლებს საუბარი გაუჭირდებათ.

„სახელისუფლებო გუნდი თავის შს მინისტრს და პრემიერს რომ იცავდა. ამაში გასაკვირი არაფერია. გახსოვთ ალბათ, ისტერიული კამპანია, „თვალთხარია“ და ა.შ. ერთ მშვენიერ დღეს რატომ გაჩუმდა მთელი ოპოზიციური მედია ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ შეკრეს პირი, რომ გახარიას არ შეხებოდნენ და ხანდახან ფარულადაც გაეპიარებით, ამ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. შეგიძლიათ, „ხალხის ძალის“ წერილი ამის პასუხადაც მიიღოთ. ბევრი სიმართლე წერია მათ წერილში და ჩვენ ვერ დავაბრალებთ მათ, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ. ერთადერთი განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის ეხება იმას, რა დოზით უნდა გამოვიდეს ეს ამბები გარეთ. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსებს კულისებში შენახული ამბები არ ჰქონდეთ. ეს ბუნებრივი ამბავია, ყველაფერი გარეთ შეიძლება ვერ ილაპარაკო. ერთადერთი განსხვავება ჩვენს შორის არის ის, რომ ჩვენ ჩვენ არ ვეთანხმებით პოზიციას, რომ ამ თემებზე დეტალურად უნდა ველაპარაკოთ.

პირადად მე ნამდვილად არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით იყო. იქ ბევრი სიმართლე წერია, ისეთი სიმართლე, რაზედაც ჩვენ გაგვიჭირდებოდა საუბარი და არ გვილაპარაკია ასე საჯაროდ. მადლობა ღმერთს, რომ ახლა გუნდში არ არსებობს არც სიტუაცია და არც ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შეფასებებში გარკვეული თავშეკავება გვიწევდეს. როდესაც გახარიაზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მართლაც კითხვა რჩებოდა, რატომ წყალობდნენ მას „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები და ხანდახან ფარულ პიარსაც უკეთებდნენ. ამის იქით არაფერს ვიტყვი, დეტალებში არ ჩავალ. ბევრი რამ ამოვიკითხე იქ ისეთი, რაზეც მეც მქონდა ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების წერილის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეეხებოდა.

„რაც შეეხება ამერიკის ელჩს, სწორედ ამ დეტალებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ აზრთა შეუთანხმებლობა. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს, მის წარმომადგენლებს, ჩვენ გვირჩევნია, თუ რამე გვაქვს სათქმელი, ვილაპარაკოთ კულისებში. ეს ასეც ხდება ხოლმე, თუ რამე არსებობს ამბავი, რაზეც ჩვენ გვინდა, კითხვა დავუსვათ და ა.შ. ამაზე ჩვენ გვირჩევნია ვილაპარაკოთ კულისებში, მათ ასე გადაწყვიტეს, ოთხივე ადამიანს პატივს ვცემ, იმ ადამიანებს, რომლებიც „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ რეგიონებიდან, ძალიან ბევრს ვიცნობ კიდეც და პატივს ვცემ, ჩვენი მეგობრები არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება იყო გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.