მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ხელშია დიდი ფინანსური და მედიარესურსი, პატარა პარტიებს კი ამის გათვალისწინება უწევთ, ვიღაც ვერ უძლებს და ბულინგდება​
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ხელშია დიდი ფინანსური და მედიარესურსი, პატარა პარტიებს კი ამის გათვალისწინება უწევთ, ვიღაც ვერ უძლებს და ბულინგდება​

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში. სხვა პარტია ვერ განვითარდა ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაუსწროს რეიტინგით, ეს სამწუხარო რეალობაა. თუ იქნებოდა მაგალითად, „ლელო“ მეორე ადგილზე, დიდი ალბათობით, მოიხსენიებდნენ „ლელოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „სენატში მოსმენის დასრულების შემდეგ ჯინ შაჰინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მნიშვნელოვანი ფრაზა იყო, ჩვენ გვჭირდება ვიხილოთ, რომ „ქართული ოცნება“ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რაც უზრუნველყოფს მათ შესვლას პარლამენტში და რეფორმებზე მუშაობას. როდესაც თქვენ დესტრუქციულ ნაწილად განიხილავთ მათ და მოუწოდებთ ოპოზიციას, გაემიჯნონ, ხოლო სენატიდან ასეთი განცხადებები გვესმის, როგორ შეაფასებთ, რა გაიგეთ თქვენ ამ გზავნილიდან?“ 

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების ხელში არის დიდი ფინანსური და მედიარესურსი, მცირე პარტიებს კი ამისი გათვალისწინება უწევთ.

„მთავარი პრობლემა არის, რომ პატარა პარტიებს მართლაც უჭირთ, რადგან პრაქტიკულად, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშია დიდი ფინანსური რესურსი, თავის დროზე მოპარული თანხები. ყველამ ხომ ვიცით და ვხედავდით, რომ მათი მთავარი სამარკო ნიშანი ფასადური მშენებლობა იყო, ხელოვნური, მოჩვენებითი, ფასადური აღმშენებლობა. რეალურად, მივიღეთ რამდენიმე პიარული პროექტი. ერთი, ორი პროექტი განხორციელდა, რათა ფასადზე გამოდებულიყო. მაგრამ შემდეგ ვხედავდით, რომ მაგალითად, მარჯანიშვილზე როდესაც გაივლიდი, გარედან ძალიან ლამაზი იყო, ხოლო გვერდიდან ჩამონგრეული კედლები გხვდებოდა და მუშტი რომ მიგერტყა, „გიფსოკარდონში“ შეიძლებოდა, ხელი შესულიყო. ანუ, საოცრებებთან გვქონდა საქმე და ფასადური აღმშენებლობით ამ ადამიანებს რაღაც პროგრესთან დაკავშირება უნდათ. მაგრამ რეალურად, ესენი იყვნენ ელიტარული კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბის შემოქმედი ხალხი. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“, მისი ლიდერების და ლიდერის ხელში არის დიდი ფინანსური რესურსი, ასევე მედიარესურსი. ბუნებრივია, პატარა პარტიებს კიარ ვამართლებ, მაგრამ მათ ამ მომენტის გათვალისწინება უწევთ. მათი დაბულინგების შესახებ ჰაერზე კიარ ვამბობთ, რეალურად ბულინგდებიან. იმხელა მედიარესურსი აქვთ, რომ აქვთ საშუალება, „გააშაონ“, მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედონ. გახსოვთ, ალეკო ელისაშვილზე რა მასშტაბის კამპანია წამოვიდა. ამის ეშინიათ, ვიღაცამ გაუძლო, ვიღაც ვერ უძლებს და ბულინგდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი