მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ფასების თემით სპეკულირებს, ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ უკვე ანეკდოტია, მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი გამოსულია
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ფასების თემით სპეკულირებს, ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ უკვე ანეკდოტია, მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი გამოსულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფასების თემას ლგბტ პროპაგანდის საკითხის გადასაფარად იყენებს.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას გაცილებით უკეთესი ინფლაციის მაჩვენებელია, ვიდრე ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო.

„უკვე მტკიცებულებების დონეზე არის დადასტურებული, რომ ეს არის ლგბტ პროპაგანდის თემის გადაფარვის მცდელობა. მოიტანეთ კალკულატორი და ნახეთ, რომ ყველაზე უხეში დათვლითაც კი, ორ-ნახევარი პროცენტი იყო სხვაობა ინფლაციებს შორის. ოღონდ კლასიკური გაგებით თუ დავთვლით, მათ დროს საშუალო ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 იყო, ხოლო ჩვენს დროს არის 4.6. ანუ ორი პროცენტით მეტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ჩვენს დროს იყო ორი კრიზისი, კერძოდ, ორი ძალიან მასშტაბური, დამანგრეველი ომია რეგიონში და იყო სამწლიანი პანდემია. ამის ფონზე, ორი პროცენტით ნაკლები ინფლაცია გვაქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რეგიონში საქართველო ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის სიმცირით მეორე ადგილზეა.

„ეს არის რეალური ციფრები და მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ყოველთვის მოახერხებ ისეთი შეჭირვებული ადამიანის და ოჯახების პოვნას, რომლებიც შესაძლოა, გაღიზიანდნენ კიდეც ამ ციფრებთან დაკავშირებით, რადგან გაჭირვებულ ადამიანს ციფრი არ აინტერესებს, აინტერესებს თავისი კეთილდღეობა და მაცივარი იყოს სავსე. ამით სპეკულირებენ და ამ ადამიანებზე ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას იმგვარად, რომ ეს რეალური ციფრებიდან არ გამომდინარეობს. საქართველომ მოახერხა, რეგიონში ინფლაციის სიმცირით ყოფილიყო მეორე ადგილზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნისას არაფერი ისეთი არ ჰქონდა, რომ ფასები ვერ შეენარჩუნებინათ. ჩვენ კრიზისების, ომებისა და პანდემიის დროს მოვახერხეთ, 4.6 პროცენტზე გავჩერებულიყავით. რა თქმა უნდა, 4.6 ყოველწლიური საშუალო ინფლაციური მაჩვენებელიც მაღალია და გაჭირვებულ ადამიანებს, და არამხოლოდ მათ, ურტყამს ჯიბეზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რისი მოხერხებაც, საბედნიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და მეტად არ წავიდა ფასების ინფლაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად „ნაცმოძრაობას“ პიარკონსულტატი ჯერემი როზნერი ფასების საკითხის წამოწევას სთავაზობს.

მისივე თქმით, ჯერემი როზნერთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერს და დავალებების მიმცემებს აქვთ კავშირი, რიგითმა წევრებმა კი არ იციან, რა დავალებებს გასცემს როზნერი.

„ისევე, როგორც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა პირადად ჩემგან გაიგო საქართველოს პარლამენტში, რომ ბაკურიანის შეკრება შედგა, ასეთივე განხეთქილება იქნება ახლა მათ შორის. რატომ? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ როზნერი, როგორც ჩანს, თანამშრომლობს და კომუნიკაციაშია მათ ე.წ. პიარშიკებთან, სინამდვილეში დავალების მიმცემებთან. როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება არ იყოს მთლად ზუსტი ინფორმაცია, სულ ორ-სამ ლიდერს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია – როზნერი „ნაცმოძრაობაში“ ისეთ დავალებებს იძლევა, რომ რიგითმა წევრებმა, ლიდერების და მათი ე.წ. პიარშიკების, რეალურად, დავალებების მიმცემების გარდა, ამის შესახებ არ იციან. ამ დროს, „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია უტყუარად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როზნერი ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად მათ ფასების თემის წამოწევას სთავაზობს. მოუწოდებენ, იარონ სულ ჰალსტუხებით, მოწესრიგებულებმა, დავარცხნილებმა, რათა განცდა დატოვონ, რომ ხელისუფლებაში მოდიან. მართლა ასე ავალებენ – უნდა დატოვოთ განცდა, რომ ხელისუფლებაში მოდიხართ, სულ პიჯაკირებულებმა, კოსტიუმირებულებმა, ჰალსტუხირებულებმა, დავარცხნილებმა უნდა იაროთ, რათა განცდა დარჩეს ადამიანს, რომ ხელისუფლებაში მოდიხართ და დღენიადაგ ფასებზე უნდა ილაპარაკოთო. ჩვენ ფასების თემაში შეგნებულად შევყევით. ეს თემა არ დავაიგნორეთ, რადგან, სადაც მართალი ხარ, იმას არ დააიგნორებ. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რეალურად ვზრუნავთ. „ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ –  ამაზე ცინიკური და როზნერისეული სატირული ანეკდოტი, არ შეიძლება, ბუნებაში არსებობდეს. ხალხზე მზრუნველი „ნაცმოძრაობა“ უკვე ანეკდოტია, ოღონდ სატირის სფეროს მიეკუთვნება. მზრუნველის იმიჯი „ნაცისგან“ არ გამოვა, მწამებლის იმიჯი გამოსულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთი კვირაა, კაცობაზე და ვაჟკაცობაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც „მათი დანერგილია, თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში“.

„ზოგიერთ მათგანს, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, 18 წლამდე და 20 წლამდე ეზოში არ უშვებდნენ დედ-მამის გარეშე, ჰოდა, რა კაცობაზე გველაპარაკებიან მწამებლები? თუკი რამე არაკაცური არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია და სადარბაზოებში ვერ ჩადიოდნენ მარტო, სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ. არ იყო სალაპარაკო, მაგრამ მაინც გვათქმევინეს, ერთი კვირაა, რა კაცობასა და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან. ეს ხალხი ცდილობს მოტყუებას იმგვარად, თითქოს ხალხს დავიწყებული აქვს, რას აკეთებდნენ წარსულში. კაცობასა და ვაჟკაცობაზე საუბრობენ მაშინ, როცა რამე არაკაცური თუ არსებობს ქვეყანაში, მათი დანერგილია. „ნაცის“ ადგილზე, მე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი, თან მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან პოლემიკაში არ შევიდოდი“, – აღნიშნა მდინარაძემ.