მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოები დილიდანვე სხვადასხვა ვერსიებს ახმოვანებდნენ, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის სასამართლოს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოები დილიდანვე სხვადასხვა ვერსიებს ახმოვანებდნენ, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის სასამართლოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალების მომცემ გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

„დილით ვერ გაერკვნენ რა ექნათ, ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალების მომცემ გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. შეიძლება ვერ წარმოიდგინეს, რომ ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება იქნებოდა, ელოდებოდნენ რომ როგორც ჩვევიათ, ტყუილებით, საზოგადოებას სხვა რამეში დაარწმუნებდნენ“, – განაცხადა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოები დილიდანვე სხვადასხვა ვერსიებს ახმოვანებდნენ, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სტრასბურგის სასამართლოს.

მდინარაძის განცხადებით, მათ სასამართლოს შეურაცხყოფა სისხლში აქვთ გამჯდარი 2012 წლამდე ქმედებით, ხოლო 2012 წლის შემდეგ – სიტყვით.

„პირველი საოცრება დილითვე მოვისმინეთ, დარტყმა პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოზე და მძიმე შეურაცხყოფა. პირველი ვერსია იყო პუტინის გავლენები, მეორე – ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვა, რაღაც საოცრებები ილაპარაკეს. შემდეგ ეტყობა მიხვდნენ, რომ სისულელის მიღმა ლაპარაკობდნენ და ვითომ დახვეწეს მესიჯი. დღეს მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი იურისტისგან, მე მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ რა ქნას თავისი დამკვეთი, თავისი მარწმუნებელი ამ პოზიციაზეა და მან რაღაც პოლიტიკური მესიჯები უნდა გაახმოვანოს. აქეთ ე.წ. ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იმ სისულელეს მიხვდნენ და უფრო მოზომილები იყვნენ, ეს ძალიან აღმაშფოთებელიაო ლამის თქვეს, ასეთი განცხადებები არ შეიძლებაო. არ მგონია, დილითვე გიორგი ბარამიძეს სტრასბურგის სასამართლოს დისკრედიტაცია განეზრახა, შეიძლება განეზრახათ კიდეც ისეთ ასტრალში გავიდა, მაგრამ გეგმა იმისა, რომ მოდი დისკრედიტაცია მოვახდინოთ, არ მგონია გეგმაში ჰქონოდათ, იმიტომ რომ შემდეგ შეცვალეს მესიჯები, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა შტოებიდან ისევ მადისკრეტირებელი, მაგრამ უფრო ფრთხილი მესიჯები წამოვიდა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.