მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ ეგუება მარცხს არჩევნებზე და ცდილობს, ეს სხვა მოვლენებს დააბრალოს
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ ეგუება მარცხს არჩევნებზე და ცდილობს, ეს სხვა მოვლენებს დააბრალოს

„ნაციონალური მოძრაობა“ პანიკაშია, – ამის შესახებ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებს და ამიტომ შეგნებულად ცდილობს, წინასწარ გათვლილი მარცხი თითქოს მანიპულაციებს დააბრალოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პანიკაში, მათ უკვე წარმოიდგინეს, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ჰყავს კანდიდატი და ეს შეგნებულად კეთდება. ისინი აუცილებლად წააგებენ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატთან და ისღა დარჩენიათ, მარცხი, რომელიც წინასწარ აქვთ გათვლილი, დააბრალონ იმას, თითქოს, ვიღაც მანიპულაციებს აკეთებს საარჩევნოდ კომისიებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ზოგადად, გამორიცხული არაფერია და აუცილებლად დაინტერესდება დეტალებით, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში იყო საუბარი.

„დეტალებით დავინტერესდები, გამორიცხული არაფერია, ვინმეს ნათესაობაც არ არის გამორიცხული. არ ვიცი დეტალები, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ისინი წინასწარ ეგუებიან მარცხს და ეს უნდათ სხვა მოვლენებს გადააბრალონ. დეტალებზე ინფორმაციას მოვიპოვებ აუცილებლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის,  თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.  როგორც პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებითა და აქტივისტებით კომპლექტდება.

დატოვე კომენტარი