მამუკა მდინარაძე -„ნაციონალურ მოძრაობას“ უვარდება რევოლუციური სცენარისთვის წარმოებული კამპანიები
მამუკა მდინარაძე -„ნაციონალურ მოძრაობას“ უვარდება რევოლუციური სცენარისთვის წარმოებული კამპანიები

ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებსა და ღირებულებებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს

„გვინდა, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებას და მათ მიერ პროვოკაციებზე აგებულ კამპანიას. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლები წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა ეფუძნება ისეთ პრინციპებსა და ღირებულებებს, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და მისი ღირსების დაცვა. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ჩვენთვის დაებრალებინათ იმგვარი დანაშაულები, რომლითაც მათი რეჟიმი წლების მანძილზე გამოირჩეოდა, იმთავითვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურს სალომე ზურაბიშვილი იგებს, ხოლო მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე შტოს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს.

„როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იცის რეალური სურათი და სწორედ ამიტომ ცდილობენ, პროცესების რადიკალიზაციას, რეალობის მოდელირებას და მუდმივად აკეთებენ მინიშნებებს რევოლუციურ სცენარზე. თუმცა, მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციიდან გამომდინარე, მათ ყოველდღიურად უვარდებათ რევოლუციური სცენარისთვის წარმოებული კამპანიები და ისინი ვერ ახერხებენ ხელოვნურად საპროტესტო მუხტის აწევას. ამის დასტურია მათ მიერ დაანონსებული აქციების გაუქმებაც”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.