მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ როდესაც „ომის პარტიას“ ვეძახდით, დაიჯერეს, რომ ამასობაში ვაჟკაცები არიან, სათავისოდ ასე გადათარგმნეს და რეალურად „ღალატის პარტიაა“
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ როდესაც „ომის პარტიას“ ვეძახდით, დაიჯერეს, რომ ამასობაში ვაჟკაცები არიან, სათავისოდ ასე გადათარგმნეს და რეალურად „ღალატის პარტიაა“

„ნაციონალურ მოძრაობას“ როდესაც „ომის პარტიას“ ვეძახდით, დაიჯერეს, რომ ამასობაში ვაჟკაცები არიან. სათავისოდ ასე გადათარგმნეს და რეალურად არიან „ღალატის პარტია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ პარტიის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის „გაშავებას“ ცდილობენ. როგორც მდინარაძემ განაცხადა, „ნაცმოძრაობა“ „ომის პარტიაც“ არის, რადგან ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა.

„თავის დროზე, ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს და რუსი სამხედროების სასარგებლოდ „ისკანდერების“ ნაწილები დამალეს. აქედან დაწყებული, დღემდე რასაც აკეთებენ, მათი ქმედებების შინაარსია ღალატი. მთელი კვირის განმავლობაში საკუთარი სამშობლოს ინსტიტუტებს უმძიმეს შეურაცხყოფებს აყენებდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს. ამ შეურაცხყოფის ფონი და საფუძველი იცით რა იყო? თითქოს, ვიღაც უკრაინაში არ მიდიოდა და მათ საშუალება არ ჰქონდათ, ქართული დელეგაციის სახელით უკრაინაში წასულიყვნენ. გაიგეს, რომ თურმე, ამ პერიოდში უკრაინელ კოლეგასთან შალვა პაპუაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა და გადაწყდა, რომ პარლამენტის დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მიდის და ახლა განაცხადეს უარი. მათი მიზანი არ იყო არც იქ წასვლა და არც უკრაინელების მხარდაჭერა. მათ მიზანსა და ქმედებას ქვეყნის ღალატი ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარ ქვეყანას იმდენად ღალატობენ, ბინძურად და ამორალურად იქცევიან, რომ ცდილობენ, საქართველოს იმიჯი ბოლომდე გაანადგურონ და ჩამოშალონ ქვეყანა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ღალატის ეს პარტია საკუთარი ქვეყნის „გაშავებას“ ცდილობს. მათ ნათქვამში სიმართლე ერთი პროცენტი რომ იყოს, როცა რეგიონში უბინძურესი ომი მიმდინარეობს და სამხედრო დანაშაულების ხერხით წარმოებული ომი, რუსეთის აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ამის ფონზე უნდა ერიდებოდნენ ამ ომით სარგებლობას და პირიქით, საკუთარ ქვეყანას იმდენად ღალატობენ, ბინძურად და ამორალურად იქცევიან, რომ ცდილობენ, საქართველოს იმიჯი ბოლომდე გაანადგურონ და ჩამოშალონ ქვეყანა.

კონსულტაციების დროს „ნაცმოძრაობას“ სხვა მიზეზი არ დაუსახელებია, გარდა იმისა, რომ მათთვის დელეგაციის რაოდენობა იყო პრობლემა. გუშინ საღამოს ჩათვლით, ეს პრეტენზია დააფიქსირეს და სხვა პრობლემა არ ჰქონდათ. როცა დღეს მათ ეს სალაპარაკოც მოვუსპეთ და ვთქვით, რომ არაბუნებრივი შემადგენლობა რომ არ იყოს, ჩვენ არავის დავამატებთ და თქვენ იყავით მეტი-თქო, „ნაცმოძრაობამ“ ახალი მიზეზი მოიგონა და რომელიმეს მართლა სჯერა, რომ სხდომათა დარბაზში ერთი ადამიანი მაინც ზის პრორუსული წარმოდგენების, მაშინ რას სხედან და აქ რას აკეთებენ? თუ მათ გვერდზე ერთი დეპუტატი მაინც ზის პრორუსი, უმრავლესობა კი არა, საიდანაც გინდა, იყოს, რას სხედან მათ გვერდით? ამ პარლამენტში რას შემოდიოდნენ? ოღონდ რომელიმე დელეგაციაში ჩაეწერონ, ახალი ქვეყანა მოინახულონ, დელეგაციებს „პაეზდკებს“ რომ ეძახიან, რას დადიან დელეგაციებში, მათი წარმოდგენით პრორუსულ წარმომადგენლებთან ერთად? მათი სიტყვებით ის „პაეზდკაა“ და ეს არის მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად პოზიტიური ვალდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.