მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, არც სამართლებრივი, ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, გადატრიალება
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, არც სამართლებრივი, ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, გადატრიალება

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებამ“ მოიხადა ბოდიში შეცდომაზე და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა.

„ვაღიაროთ და მოვიბოდიშეთ ათასგზის ამ დღეების განმავლობაში. ძალიან ცუდი რამ და ცუდი შეცდომა, რაც ამ დარბაზში მოხდა და რაც არ უნდა მომხდარიყო, ამაზე ჩვენ თვითონ ვილაპარაკეთ და იმდღევანდელი რეაქცია,  აბსოლუტურად ყველასი, დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, რომელიც ახლა სპიკერის სკამზე ზის, გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, ჩვენით, თითოეული ჩვენგანით, თამარ ხულორდავათი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პირველი ჩვენ ვიყავით, ვინც ამაზე რეაგირება მოახდინა. მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით, იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, მოვედი თუ არა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს იყო მმართველი გუნდის რეაქცია და საღამოს რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატი აღარ იყო თბილისში.

„ეს იყო ჩვენი რეაქცია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლებელია ეს დაენახა. ვერ, არა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცით რა მოაყოლეს? გარეთ გამოსული ადამიანების, ახალგაზრდების უმეტეს წილად, მათი ემოცია მართეს, ნაწილის, სამწუხაროდ. ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა მათი სახეები რომ დაინახა. საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ, ნახეთ და ახლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი, ერთი ფრაზა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ძალიან კარგად ნახეთ, ამან რა გამოიწვია. ამათ არ უნდათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, მით უმეტეს, არც სამართლებრივი. რაში სჭირდებათ და რისი  თავი აქვთ, რომ რამე სახის პასუხისმგებლობა აიღონ. ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და ამის შანსის არ მოკვლა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში ჩავარდა.

„გუშინ შოკში ჩავარდნენ, იცით ეს შოკი რითი იყო გამოწვეული? გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, რადგან ასეთი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია, მათ ილუზია დარჩეთ, რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ამის გამო ჩავარდნენ შოკში. სხვანაირად არ შეუძლიათ. ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ, ცხოვრებას“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.

მისი შეფასებით, ისინი ასეთი მენტალობის ადამიანები არიან და არ უნდათ ამის მოსმენა.

„რისი მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არჩევნების შედეგად 2020-ში უნდა მივიღოთ, არ სჭირდებათ არაფერში და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს, ის დათხრილი თვალები, უბედურება რამდენიმე ადამიანის, ეს საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე, რომ მათ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით და რას ემსახურებოდა ეს? პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ თუ რას იზამდნენ? უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება, ხელისუფლების გადატრიალება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სკამზე არავინაა გამოკიდებული და ეს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა.

„არავინ არ ეკიდება სკამს. ფეხებზე მკიდია სკამი, სადაც ვზივარ, მაგრამ ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, მეტი შანსი და პოლიტიკური პერსპექტივა ამათ არ აქვთ და ასე დაამყარონ დიქტატურა მომავალში. არავის აინტერესებს სკამი, ათასგზის დაამტკიცა ეს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ამიტომ არიან, რომ გუშინდელს შემდეგ უფრო მეტ აგონიაში არიან. სწორედ ეს შანსი დაეკარგათ მათ.

მივიღეთ დაზიანებული ხალხი, რომლის ჯანმრთელობაზეც დღე და ღამე უნდა ვიზრუნოთ, ვიფიქროთ ამ ადამიანებზე და თან უნდა გადავყვეთ მთელი ცხოვრება, რადგან ისიც ამ ყველაფერს მოყვა, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს და პირველ რიგში მათ, ვინც მოუწოდებდნენ ადამიანებს, მათი გულწრფელი ემოციების ნაცვლად, პროტესტი იმაზე კი არ გამოეხატათ, რომ აქ სკამში აღმოჩნდა რისკების გადაუზღვევლობის შედეგად და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ამათ არც იმაზე უნდათ პასუხისმგებლობა აიღონ, რომ წარსულში რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები, მერე რუსების რეზოლუციებს ხმა აძლიეს და ახლა იმაზე, რაც დაიწყეს და რისი შედეგებიც მივიღეთ. ამიტომ არიან გაგიჟებული და მრავალპარტიული პარლამენტი საერთოდ ვერც წარმოუდგენიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.