მამუკა მდინარაძე - „ნაცებისთვის“ ყველაფერი არალეგიტიმურია, რაც არ მოსწონთ, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ევროპული სტრუქტურაც, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა
მამუკა მდინარაძე - „ნაცებისთვის“ ყველაფერი არალეგიტიმურია, რაც არ მოსწონთ, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ევროპული სტრუქტურაც, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა

„ნაცებისთვის“, ვისი გადაწყვეტილებაც არ მოსწონთ, ყველა არალეგიტიმურია და ყველას მიმართ შეუძლიათ ეჭვის გამოთქმა, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ევროპული სტრუქტურების მიმართ, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

მდინარაძის თმით, „ნაცებს“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვთ.

„მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართაც ნეგატიური პიარი აწარმოეს, გახსოვთ და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მხარეს მყოფი ტელევიზიების მხრიდან მოექცა ბულინგის ქვეშ, არამედ ის დაბარებული იყო სხვადასხვა ადგილზე. ამასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩარევის ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მეგობარი ქვეყნის ადგილობრივი წარმომადგენლების მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ძალიან ცუდი დაშვება გააკეთა. დღეს რომ ეს მომხდარიყო, მსგავსი პრეცედენტი დაშვებული არ იქნებოდა, ამას თამამად ვამბობ. ეს შეიძლება, ცალკეულ პიროვნებებზეც კი იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ჩარევის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო დაშვებული. ისევე როგორც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, ასევე ახლაც ბოდიში არავის მოუხდია სასამართლოს მიმართ ანტიკამპანიის თაობაზე. ბოდიში რომ ბევრს მოსახდელი აქვს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა მდინარაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.