მამუკა მდინარაძე - „ნაცებისთვის“ სტრასბურგის სასამართლო იქცა მხილების სასამართლოდ, ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, ტყუილს ამბობდა
მამუკა მდინარაძე - „ნაცებისთვის“ სტრასბურგის სასამართლო იქცა მხილების სასამართლოდ, ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, ტყუილს ამბობდა

გარდა იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებებთან დაკავშირებით სიმართლის დამდგენი სასამართლოა, „ნაცებისთვის“ ის იქცა მხილების სასამართლოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, ტყუილს ამბობდა.

„თქვენ გახსოვთ, რამდენ საქმესთან დაკავშირებით რა პიარკამპანიები ჩამოუნგრია თავისი გადაწყვეტილებებით სტრასბურგის სასამართლომ „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს, მის პატრონებს. საზოგადოებას ახსოვს ძალიან კარგად, რამხელა აჟიოტაჟი იყო. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც გარკვეული ადამიანები და გარკვეული წრეები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიუთითებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება, ეს არის უკანონო დაკავება და დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი ფეიკკამპანია იყო, ესეც მორიგი ტყუილების კასკადი იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ისიც, რაც არ წერია, მაგრამ შედეგი ეს არის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, უბრალოდ, ტყუილს ამბობდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.