მამუკა მდინარაძე - მტკიცედ გავაგრძელებთ სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებს
მამუკა მდინარაძე - მტკიცედ გავაგრძელებთ სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებს

ნატო-ს მისიებში ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს, ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია იენს სტოლტენბერგის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ხაზგასმა.

„მისასალმებელია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის შეეხო მრავალ საკითხს. სასიხარულოა მისგან ხაზგასმა, მაგალითად, კრიზების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის საკითხებზე და, ზოგადად, ნატო-სთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ნატო-ს მისიებში.

„ჩვენ ათეულობით გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ და ასეულობით დაშავებული გვყავს. მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა უდავო ფაქტებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის საკითხებთან მიმართებით სათანადო შეფასება და დაფასება სჭირდება. ჩვენი კი, ჩვენი მხრიდან, მტკიცედ გავაგრძელებთ ქვეყნის სწორ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და, ამავდროულად, ასევე მტკიცედ დავიცავთ ქვეყნის კონსტიტუციას, ეროვნულ იდენტობასა და ინტერესებს, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილური განვითარების სწორ გეზს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.