მამუკა მდინარაძე - შემაძრწუნებელია, როდესაც ტელევიზია იღებს კადრებს, რომლებიც ხელს არ აძლევს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და ამბობენ, თითქოს იყო ტექნიკური ხარვეზი
მამუკა მდინარაძე - შემაძრწუნებელია, როდესაც ტელევიზია იღებს კადრებს, რომლებიც ხელს არ აძლევს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და ამბობენ, თითქოს იყო ტექნიკური ხარვეზი

თუ ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი კადრი მიდის და მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც გაიტაცეს ყუთი „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ამ დროს შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი, კი ბატონო, მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს ჩემთვის დაუჯერებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ძალიან შემაძრწუნებელია, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები იღებენ კადრებს, შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ხელს არ აძლევს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და შემდეგ ამბობენ, თითქოს მაინცდამაინც ამ დროს იყო ტექნიკური ხარვეზი და გაითიშა კამერა“.

„ბოლნისზე უნდა მოგახსენოთ – ძალიან შემაძრწუნებელია, როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები იღებენ კადრებს, შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ხელს არ აძლევს „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელს“, და შემდეგ ამბობენ, რომ თითქოს, მაინცდამაინც ამ დროს იყო ტექნიკური ხარვეზი და გაითიშა კამერა. მთელი დღის განმავლობაში ჩართული გაქვთ კამერები და აფიქსირებთ ყველაფერს და მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც ბოლნისის 55-ე უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო ყუთის გატაცების მცდელობის ფაქტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კონკრეტული ადამიანები და ეს ჩვენი წარმომადგენლების მიერ ტელეფონით არის გადაღებული, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიაში მყოფი ადამიანი და მასთან ერთად ამაში მონაწილეობდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი. როგორც ჩანს, ისინი უკვე ერთად მოქმედებენ ამ სასოწარკვეთილების ფონზე, ეს გადაიღო „ტვ პირველის“ კამერამ და შემდეგ ჟურნალისტი ამბობს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, მაინცდამიანც იმ დროს, როდესაც მან გადაიღო ან უნდა გადაეღო ყუთის გატაცების ფაქტი. ვთქვათ დავუჯეროთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს და ძალიან მიმძიმს, რომ ჟურნალისტის კადრების გამოქვეყნება გვიწევს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, იმდენად დიდი სიცრუის კამპანია მიდის მთელი დღე. შეიძლება მართლაც ტექნიკური ხარვეზი იყო, ოღონდ თუ ვინმე დაიჯერებს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი კადრი მიდის და მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც გაიტაცეს ყუთი „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, ამ დროს შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი. კი ბატონო, მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეს ჩემთვის დაუჯერებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში დეზინფორმაცია ვრცელდება.

„მთელი დღეა ამაზე საუბრობთ. ჯერჯერობით არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ამ დროს, გუშინ გავრცელდა კონკრეტული ფაქტები, როგორ არიგებდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები 20-20 ლარს. აქ უკვე მტკიცებულება იყო და არა თქვენი მონათხრობი. ამასთან დაკავშირებით, სამ ტელევიზიას, როგორც მინიმუმ, სიტყვაც არ უთქვამს, რატომ არ ავრცელებთ მასალებსო. ერთი მაჩვენეთ, სადაც არის კონკრეტული ფაქტი დაფიქსირებული. რიგ შემთხვევებში დამახინჯებული, მოგონილი ინფორმაციაა. თუ რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას მოიპოვებთ, ჩვენც მოგვეხმარებით კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრაში. მთელი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, მიდის დეზინფორმაცია და ჩვენ იძულებული ვართ, ამ დეზინფორმაციას ვუპასუხოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.