მამუკა მდინარაძე - მთავრობის გადადგომა არ არის საკითხი, რომლის ინიცირება ან გადაწყვეტა შეიძლება ერთ დეპუტატს მივანდოთ
მამუკა მდინარაძე - მთავრობის გადადგომა არ არის საკითხი, რომლის ინიცირება ან გადაწყვეტა შეიძლება ერთ დეპუტატს მივანდოთ

„ეს არ არის იმ მასშტაბის საკითხი, რომლის ინიცირება ან გადაწყვეტა შეიძლება მივანდოთ ერთ ცალკეულ დეპუტატს“, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც მიიჩნევს რომ მთავრობა უნდა გადადგეს.

მდინარაძე განმარტავს, რომ თუ რამე მიზეზით, მათ შორის სოციალურ- ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მთავრობის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში დადგება, ეს პირველ რიგში გუნდის შიგნით გადაწყდება

,,თუ მსგავსი გადაწყვეტილებები დადგა დღის წესრიგში, ამაზე იმსჯელებს გუნდი, გაახმოვანებს გუნდი და გახმოვანდება გუნდის წევრების მიერ მას შემდეგ,  რაც მსგავსი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს არის სწორი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში არის გარკვეული გამოწვევები სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოწვევები. მათ შორის, ბოლო კვლევებიც ამაზე მიუთითებენ ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, რაც საჭიროებს უფრო სწრაფ ტემპებში და მაღალი დინამიკით გადაწყვეტას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევა, მიუხედავად იმ ბევრი პოზიტიური ამბისა, რაც იგივე კვლევებში არის გახმოვანებული. ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და ამის გადაჭრის გზებზეც მიმდინარეობს მსჯელობა. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები თუ იქნება, ჯერ იქნება გუნდის შიგნით და ამის შემდეგ ეცოდინება საზოგადოებას“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი