მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კონსენსუსის ადვილად მიღწევა ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსი არსებობს
მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კონსენსუსის ადვილად მიღწევა ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსი არსებობს

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თემაზე კონსენსუსი თუ ადვილად მიიღწევა, ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსიც არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კონსენსუსი ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას გაანეიტრალებს და შეანელებს.

ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, გუნდში არსებული უთანხმოება სხვა საკითხია და ცალკე განხილვას საჭიროებს.

„შემთხვევით არ გვითქვამს, რომ ის არის ცალკე, დამოუკიდებელი თემა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხს დაუკავშირდა. ვფიქრობ, ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არ არის ნამდვილად ეს ის თემა, რომელზეც ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს და პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ყველაფერი ნათელია. კონსენსუსი თუ ადვილად მიიღწევა კრიტერიუმების თემაზე, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, თუმცა სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსზე, გუნდში არსებულ უთანხმოებაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ და სასამართლოს თემა ამით არ უნდა დავაზიანოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.