მამუკა მდინარაძე - მოსამართლეებისგან განსხვავებით, კეზერაშვილის შემთხვევაში არსებობს მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმეები და აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს რელევანტური
მამუკა მდინარაძე - მოსამართლეებისგან განსხვავებით, კეზერაშვილის შემთხვევაში არსებობს მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმეები და აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს რელევანტური

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოსამართლეების შემთხვევისგან განსხვავებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს რელევანტური, რადგან არსებობს სისხლის სამართლის საქმეები, განაჩენები და შესაბამისი მტკიცებულებები.

მდინარაძის თქმით, ოთხი ქართველი მოსამართლე დასანქცირებულია ყოველგვარი მტკიცებულების დასახელების გარეშე.

„სოცქსელში წავიკითხე ორი ინფორმაცია: „ალტ ინფო“ არ შეუშვეს რუსეთში და კეზერაშვილი – ამერიკაშიო, ხუმრობდნენ, სოციალური ქსელის ხუმრობა წამოვიდა. ვინც არ უნდა იყოს, კეზერაშვილი იქნება ეს თუ სხვა ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში, მათთან დაკავშირებით უნდა იყოს შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება. ამ შემთხვევაში არსებობს მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმეები, განაჩენები, ბრალდებულად ცნობის დადგენილებები და დასანქცირება, სავიზო შეზღუდვა შეიძლება იყოს რელევანტური, განსხვავებით მოსამართლეების ქეისისგან, რადგან მოსამართლეების შემთხვევაში ერთი მტკიცებულებაც ვერ დაგვისახელეს.

ანუ, ჩვენ გვაქვს ერთ შემთხვევაში მიდგომა, რომელიც, შეიძლება, სწორიც იყოს. ეს ჩემი საქმე არ არის, ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გადასაწყვეტია და ვიღაცას დაუწესა სავიზო სანქცია, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს სისხლის სამართლის საქმეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არაჩვეულებრივი ამბავია, რომ ოთხი ქართველი მოსამართლე დასანქცირებულია არათუ სისხლის სამართლის საქმის, არამედ ყოველგვარი ზეპირი, ვერბალური რაღაც მტკიცებულების დასახელების გარეშე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.