მამუკა მდინარაძე მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივას ისტორიულს უწოდებს
მამუკა მდინარაძე მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივას ისტორიულს უწოდებს

ვფიქრობ, მიღებულია ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ წელს საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება.

„ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ვადა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს გადაწყვეტილება, რომელიც, ვფიქრობ, ისტორიულია, მიღებულია. 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც 2000-ზე ნაკლები ძირი ჰქონდა და შემდეგ გაუპრობლემდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ მას შემდეგ, რაც 2000-ზე ნაკლები თანხა დარჩათ გადასახდელი. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში და ახალ წელს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.