მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დამოკიდებულია იმაზე, შემოუერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს
მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დამოკიდებულია იმაზე, შემოუერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვა დამოკიდებულია იმაზე, შეუერთდებიან თუ არა „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

„მეხუთე რაუნდი დამოკიდებულია იმაზე, შემოუერთდებიან თუ არა ისინი დოკუმენტს, გამოთქვამენ თუ არა დამატებითი კონსულტაციების მზაობას, ასევე დაუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას ოდნავ კონსტრუქციული დამოკიდებულებით მაინც.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, აქ მთლიანად მივყვებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. დღევანდელი ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ აიღო ვალდებულება, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს მივყვებით ზედმიწევნით. იქ საუბარი იყო პროფესიონალ წევრებზე. მზად ვართ სამივე დონეზე – საუბნო, საოლქო და ცესკო-ს დონეზე დავაკომპლექტოთ ასეთი კადრებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები გაიაზრებენ, რომ მათი ქმედებები მათთვისვე დამაზიანებელი იყო და პარლამენტში შევლენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები მოგროვდება.

„ბოკერიას რევოლუცია, ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით. სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება, არც ამ ვალდებულებას აიკიდებს თავის თავზე. აქედან გამომდინარე, მეორე სვლა არის უკვე ის, რაც არის რაციონალური და თან სახელმწიფოებრივად სწორი. შესაბამისად, თუ სხვა პარტიები დარწმუნდებიან, რომ მათი სვლები, რაც დღემდე გააკეთეს, მათთვისვე წამგებიანი იყო და შემოვლენ პარლამენტში, ამ შემთხვევაში იქნება 113-ზე გაცილებით მეტი ხმა და შესაბამისი ცვლილებების მიღებასაც უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა მდინარაძემ.