მამუკა მდინარაძე - მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება
მამუკა მდინარაძე - მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება

„ქართული ოცნების“ გუნდი სრულ კოორდინაციაში და აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა მიმართულებით, რათა არსებული გამოწვევები ეფექტიანად იქნას დაძლეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება

„მართალია ამ თემის ყოვლად უაზრო პედალირებას მხოლოდ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ და ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვეხმაურები, – ერთმა ადამიანმაც კი რომ არ დაიჯეროს ტყუილები, რომელსაც ამ საყოველთაო ერთობის მიუხედავად მაინც არ იშლიან.

ყოველდღე გვეკითხებიან, ვპასუხობთ, მაგრამ მაინც: რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი?

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი იშვიათად ჩანს ტელეეკრანებზე, იშვიათად გამოდის საჯარო აქტივობებით, თუმცა არც ერთ ადამიანს ამ თემაში ის არ დაუნახავს, რასაც ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალება ეძებს.

„ქართული ოცნება“ მთელი შემადგენლობით აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არსებული გამოწვევების, სადღეისოდ კი ბუნებრივია, მთავარი გამოწვევის, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციაშია საკოორდინაციო საბჭოს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სრული კოორდინაციით მიიღება.

რა თქმა უნდა, პარალელურად სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვმუშაობთ და მმართველ პარტიაში გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით ორი შეხვედრა გაიმართა. ის შეხვდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის და პოლიტიკური გარემოსთვის აქტუალურ საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა შტაბის შეხვედრაც.

სხვათა შორის შეხვედრების ფოტოები პარტიის facebook გვერდზეც დევს, თუმცა მეორე დღიდანვე მაინც გავხდით კითხვის ადრესატები – სად არის ბიძინა ივანიშვილი?

„ქართული ოცნების“ გუნდი სრულ კოორდინაციაში და აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა მიმართულებით, რათა არსებული გამოწვევები ეფექტიანად იქნას დაძლეული. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! გისურვებთ ჯანმრთელობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.