მამუკა მდინარაძე - მხარს ვუჭერ ზაზა სარალიძეს და ვიდრე ბოლო კითხვის ნიშანი იქნება, არ შეიძლება, მის გვერდით არ ვიდგეთ
მამუკა მდინარაძე - მხარს ვუჭერ ზაზა სარალიძეს და ვიდრე ბოლო კითხვის ნიშანი იქნება, არ შეიძლება, მის გვერდით არ ვიდგეთ

მხარს ვუჭერ ზაზა სარალიძეს და ვიდრე ბოლო კითხვის ნიშანი იქნება, არ შეიძლება, მის გვერდით არ ვიდგეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხარდაჭერის გამოძახილი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება.

„ჩვენ დავუშვით უპრეცედენტო რამ, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო კომისია. როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ნათელი ხდება, რომ როგორც მინიმუმ, ხარვეზი სადღაც არის – სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ან პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებაში, კითხვის ნიშნები რადგან რჩება, პასუხისმგებლიანმა პარლამენტმა, ხალხის არჩეულმა დეპუტატებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ვალდებულება, რაც ჩვენ გავაკეთეთ – პასუხები გაეცეს ზაზა სარალიძის და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, იზიარებს აქციაზე შეკრებილი საზოგადოების დიდი ნაწილის ემოციას, თუმცა, მისთვის გაუგებარია იმ ადამიანების მორალური ლოგიკა, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა.

„ვიზიარებ იმ ემოციას, რაც შეკრებილი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აქვს, მაგრამ ვერაფრით გავიგებ მორალურ ლოგიკას იმ ადამიანებისა, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენენ და ახლა რაღაც პათოსს და მუხტს აღვივებენ. თუმცა, ნამდვილად მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, ვისაც უნდა, ჩვენი შვილები დაცულები იყვნენ იმისგან, რომ მცირე ხარვეზი და შეცდომაც კი იყოს გამორიცხული“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებამ და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთ საქმეებზე კითხვის ნიშნები არ დარჩეს და სწორედ ამიტომ შეიქმნა პარლამენტში საგამოძიებო კომისია.