მამუკა მდინარაძე - მისასალმებელია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ
მისასალმებელია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ივლისის სამიტზე ეპატიჟება.
მდინარაძის თქმით, კონკრეტულ თარიღებსა და მოლოდინზე საუბარი რთულია, მაგრამ სასიხარულოა, რომ გენერალური მდივანი საქართველოს პერსპექტივებს გაცილებით რეალურად განიხილავს.
„ძალიან რთულია კონკრეტულ თარიღებზე და კონკრეტულ მოლოდინებზე მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საუბარი. თუმცა ნამდვილად მისასალმებელია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის სასიხარულოა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აფიქსირებს მხარდაჭერას რეფორმების მიმართ და შესაბამისად, პერსპექტივებს განიხილავს გაცილებით რეალურად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, რაც უფრო ახლოს არის საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მით მეტია მისი ევროპულ ოჯახში დაბრუნების პერსპექტივა.
„საქართველოსთვის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ რაც უფრო ახლოა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველო, მით უფრო მეტია პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნების, ამ ოჯახში გაერთიანების და მეტია პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება უკეთესად მაცხოვრებელი მოქალაქეებით. ეს არის ევროპა, ჩვენი მომავალი და გზა, საიდანაც არ უნდა გადავუხვიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ივლისში ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის დეტალური გეგმა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ სამიტზე საქართველო დაპატიჟებული იქნება.