მამუკა მდინარაძე - მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, რადგან შეთანხმება შედგა, სპეკულაციების საშუალება ერთმევათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ სპეკულაციებზე
მამუკა მდინარაძე - მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, რადგან შეთანხმება შედგა, სპეკულაციების საშუალება ერთმევათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ სპეკულაციებზე

ჩემი აზრით, შეთანხმება საარჩევნო პროცესზე არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება, რაშიც მოგეხსენებათ, „ქართულ ოცნებას“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო, ბუნებრივია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა შეთანხმება შემდგარიყო. ჩვენ არ დავეთანხმეთ იმ მახინჯ სისტემას, რომელსაც 20 მაჟორიტარი ჰქვია. 30 მაჟორიტართან დაკავშირებით ასევე იქნება ცვლილებები შესატანი გარკვეულწილად, ისეთ ქმედით საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოვიდეს სამი-ოთხი რაიონიც კი, თუმცა ამასთან დაკავშირებით შეიძლებოდა შეთანხმება და წინასწარაც ამის შესახებ ჩვენ გავახმოვანეთ, რომ ხუთ და 10 მანდატს პლუს-მინუს დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც მხარეები შეჯერდნენ, უზრუნველყოფს, რომ არამხოლოდ 50-პროცენტიან რეიტინგზე მეტის, არამედ 47 და 48-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიამ თავისუფლად დააკომპლექტოს მყარი უმრავლესობა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცენტებსაც არ ველოდებით. ჩვენ ველოდებით 50 პროცენტზე მეტს და ამ შემთხვევაში, ის დამზღვევი მექანიზმი, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, ასევე ძალაშია, შეთანხმების საგანია და ამ დეტალებშიც შევდივართ. კი ბატონო, 40 პროცენტზე ნაკლები რეიტინგის მქონე პარტიამ ვერ უნდა დააკომპლექტოს უმრავლესობა, თუმცა ჩვენ გვექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მყარ უმრავლესობას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მისალოცად აქვს საქმე ქართულ საზოგადოებას, რადგან შეთანხმება შედგა. სპეკულაციების საშუალება ერთმევათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დღის წესრიგს აგებენ სპეკულაციებზე და უკვე საარჩევნო რეჟიმზე უნდა გადავიდეთ, რათა საქართველოში ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს ორ დღეში მომზადდება ოთხშაბათს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, რათა განხილვის შესაბამისი პროცედურები დაიწყოს.

„ჩვენ ბოლო ვადად გვაქვს გამოცხადებული 9 მარტი, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება უნდა მოგვესწრო, რათა ეს შეთანხმება შემდეგ შესაბამის ინიციატივაში ასახულიყო და ოთხშაბათამდე უნდა დარეგისტრირდეს. ანუ ჩვენ გვაქვს ორი დღე, ორშაბათი და სამშაბათი, რათა ოთხშაბათის ბიუროზე უკვე გავიდეს და ამის შემდეგ წავიდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების ასახვას ცვლილებების შესაბამის ინიციატივაში, რომელიც საბოლოო ჯამში საყოველთაო სახალხო განხილვებზე გავა, თავისთავად ყველა პროცედურას გაივლის და უკვე სამი კენჭისყრის შედეგად გვექნება კონსტიტუციის გარდამავალი დებულების ახალი ნორმა, რომელიც ამ შეთანხმების პირობებს უზრუნველყოფს. ორშაბათის ბიუროზე ამაზე მსჯელობა არ იქნება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს ინიცირება და ამის შემდეგ უნდა გავიდეს ოთხშაბათის ბიუროზე, რათა ეს შეთანხმება აისახოს შესაბამის ინიციატივაში. იქ არის კონკრეტული პატარა დეტალები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო ნამდვილად ქართული დემოკრატიის გამარჯვება, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ შეთანხმების მოდერაციისთვის. ნახეთ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა შეთანხმება შემდგარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.