მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ და ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ივნისზე აღიარებები უნებლიედ წამოროშეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იქნება გარკვეული აქცია 100, 200 თუ 300 კაცი, არ ვიცი, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წლევანდელი 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ერთი წლის წინ, 20 ივნისის აქციაზე იყვნენ გულწრფელი ადამიანებიც, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მიზნები ჰქონდა.
„ერთი ადამიანი მაინც თუ დარჩა ისეთი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ ის გულწრფელი პროტესტი იყო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, შევახსენებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის აღიარებას, ნიკა მელიას აღიარებას და შემდეგ ბეჭდის დასმას აღიარებით ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში იჭრებოდნენ, მათ დაგეგმეს და მიზანი ჰქონდათ, რომ ვიღაცას შეცდომა დაეშვა. ასეთი შეცდომა დაშვებული იყო კონკრეტული პოლიციელების მხრიდან და სახალხო დამცველის შეფასებასაც გაგახსენებთ, რომელმაც რაციის მონაცემები გაშიფრა, რომ იქ მსგავსი ბრძანება არ ყოფილა გაცემული. ეს არის ამ ერთ წელში ნებით თუ უნებლიედ მათ მიერ წამოროშილი აღიარებები, რომელმაც ყველაფერს თავის წერტილი დაუსვა და ყველაფერს თავის სახელი დაარქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.