მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არის საკითხები, რომლებზეც, ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა ილაპარაკო, რადგან დამაზიანებელია ქვეყნისთვის
მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე - არის საკითხები, რომლებზეც, ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა ილაპარაკო, რადგან დამაზიანებელია ქვეყნისთვის

სააკაშვილის განცხადებებზე ამ ბოლო დროს ძალიან ჭირს ადეკვატური და რელევანტური კომენტარებს გაკეთება, რადგან ეს ადამიანი თვითონ აღარ არის ადეკვატური, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

მდინარაძის თქმით, არის საკითხები, რომლებზეც, ასეც რომ ფიქრობდე, არ უნდა ილაპარაკო, რადგან შენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„არის რაღაც საკითხები, ასეც რომ ფიქრობდე, შეიძლება, ამაზე არ უნდა ილაპარაკო, რადგან ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, დამაზიანებელია შენი ქვეყნისთვის, მათ შორის, უკიდურესად დამაზიანებელია განცხადება, როდესაც ცუდად მოიხსენია ევროდირექტივები და იდიოტიზმი უწოდა. არ არსებობს, რომ ადამიანი რასაც ფიქრობ და რა განწყობაც გაქვს, რაღაც პერიოდულობით არ წამოგცდეს. ხან კოლონისტებს ეძახდა ევროპელებს და ამერიკელებს, ახლა ამბობს, რომ ევროდირექტივები არის იდიოტობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​მისი თქმით, საქართველომ უნდა შეასრულოს როლი, რომელიც შეიძლება, ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება.

„ჩვენ აბსოლუტურად ნეიტრალურ პოზიციაში ვდგავართ და ეს არის სწორი, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. პირიქით, ჩვენ უნდა შევასრულოთ როლი, რომელიც შეიძლება, ერთადერთი მიზნისკენ მიდიოდეს, რასაც ჰქვია სტაბილურობა, მშვიდობა, მოლაპარაკება და რეგიონის უსაფრთხოება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ დროს ნებისმიერი, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი.

„ამ დროს ნებისმიერი განცხადება, ობიექტური იქნება, სუბიექტური, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, ნებისმიერი განსხვავებული, ეროვნული ინტერესების ჩარჩოდან ამოვარდნილი განცხადება არის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანს, ხშირად წამოსცდება ხოლმე ანტიევროპული ბევრი ფრაზა და განცხადება. თუმცა, გასაკვირი სულაც არ არის. გავიმეორებ ჩემს და ჩვენი გუნდის წევრების ნათქვამს, რომ ეს ადამიანი ედგა ამ ქვეყანას სათავეში და პარტიას, რომელმა პარტიამაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ამ რეზოლუციის მიღება მოხდა აგვისტოს ომიდან ორი თვის თავზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.