მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული გამოსვლების ფონზე კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა
მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული გამოსვლების ფონზე კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა

მაჟორიტარი დეპუტატები არ მიდიან გუნდისა და პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინიც კენჭის ყრის გადადებას, რომ საკითხზე შევჯერდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მაჟორიტარები თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ შემთხვევაში პროპორციული სისტემა უალტერნატივოა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე კანონპროექტის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროვოკაციული გამოხდომების შემდეგ ეს რაოდენობა გაზარდა. ეს ფაქტია და ჩემი გამოგონილი არ არის. მეც ვითხოვე დღეს ტრიბუნიდან, მოდით, დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას, დემაგოგიასა და პროვოკაციებს. საუბრები, რომ მაჟორიტარებს თავისი სუბიექტური ინტერესები აქვთ, ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, არის დამაზიანებელი, უფრო აღიზიანებს მათ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მერე რა, რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის, აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.