მამუკა მდინარაძე - მელიას, გვარამიას, ხაზარაძეს, გახარიას და არც მათ სხვა დანამატებს „ნაცებისგან“ გამიჯვნა არ გამოუვათ, ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ
მამუკა მდინარაძე - მელიას, გვარამიას, ხაზარაძეს, გახარიას და არც მათ სხვა დანამატებს „ნაცებისგან“ გამიჯვნა არ გამოუვათ, ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მელია, ხაზარაძე, გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ თითქოს გამიჯნული არიან, სინამდვილეში კი პარტიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ.

მდინარაძის თქმით, საზოგადოებას ამ ტყუილს ვერ შეასაღებენ.

„„ნაცმოძრაობას“ ასეთი ლოგიკა აქვს, მისვლა-მისვლა ხომ არ გვექნება, მისვლა-მოსვლაც გვქონდეს ერთმანეთშიო. მიდიან და მოდიან ეს პარტიები, ასეთ მისვლა-მოსვლაში არიან. სერიოზულად თუ ვიტყვით, მელია, ხაზარაძე, გვარამია ვითომ გამიჯნული არიან „ნაცმოძრაობისგან“, რამდენადაც არ უნდა დაიშალონ, რანაირად უნდა მოხდეს ეს? არგუმენტების ჩამოთვლაც არაა საჭირო. ხაზარაძე როგორ უნდა გაემიჯნოს „ნაცმოძრაობას“? მელია, გვარამია? თეორიაში როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ორგანული ნაწილები არიან. ერთი ჩართული, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვული იყო ბიზნესის რეკეტში, ბიზნესგარიგებებში; მეორე სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობდა, მათი მაღალჩინოსანი და საერთოდ თავმჯდომარე იყო; მესამე „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ფილმების ავტორი, სადამსჯელო ოპერაციების მთავარი წარმომადგენელი იყო. გვარამიაზე ვსაუბრობ. ეს ადამიანები ახლა დაიქსაქსნენ და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ „ნაცებისგან“ გამიჯნულები, დამოუკიდებლები არიან? ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს. როცა ვლაპარაკობთ, რომ „ნაცმოძრაობას“ ხმების ათვისების მხოლოდ 20 პროცენტამდე პოტენციალი დარჩა, ისინი ცდილობენ, დანარჩენ 20 პროცენტზე ამ ტყუილით იმუშაონ. არ გამოუვათ არც მელიას, არც გვარამიას, არც ხაზარაძეს, არც გახარიას და არც მათ სხვა დანამატებს „ნაცებისგან“ გამიჯვნა – ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, მამუკა მდინარაძის თქმით, მათი საქმიანობა ტყუილზე აგებულია და მელიას, გვარამიას, სააკაშვილის გაყოფა წარმოუდგენელია.

„მოვუსმინოთ ამ ხალხს, რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო, დეტალები გავიგოთ და შემდეგ ვიზეიმოთ ეს ამბავი, რადგან სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადაიტანენ, აღნიშვნის საგანია. წარმოიდგინეთ ძველი გაგებით ბრძოლა ველზე, წინა მხარეს პიონერებად არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და გვერდებიდან, ფლანგებზე მოყვებიან აქეთ მელია, იქით ხაზარაძე, იქით გახარია. ვითომ შენკენ იბრძვის და მოღალატეების ფრონტზე აქეთ არის შემოშვებული. აქეთა ფლანგებს კიდევ ემატებიან ხაზარაძე და ა.შ. ამით უნდათ, მოიგონ ბრძოლა, თუმცა მათი რეიტინგი არის 20 პროცენტის არეალში და ცდილობენ, მეორე 20 პროცენტი მოიპოვონ. ამ ბრძოლაში ისინი ვერ გვაჯობებენ, გამორიცხულია, რაც უნდა პატრიოტული, ემოციური მესიჯებით გამოვიდნენ. ტყუილზე აგებულია, ერთმანეთთან ურთიერთობაზეც კი იტყუებიან. წარმოიდგინეთ, მე, პაპუაშვილი, კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი რომ გავიშალოთ და ცალ-ცალკე ვიბრძვით-მეთქი, ვიძახო, დამიჯერებთ? ხომ არ დამიჯერებთ? მელიას, გვარამიას და სააკაშვილის გაყოფას როგორ უჯერებთ? წარმოუდგენელი ამბავია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.