მამუკა მდინარაძე - მელიამ სააკაშვილის ფლანგი საერთო პატრონებთან ჩაუშვა, მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს
მამუკა მდინარაძე - მელიამ სააკაშვილის ფლანგი საერთო პატრონებთან ჩაუშვა, მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს

მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას აუდიოჩანაწერს.

მისი თქმით, გუშინდელი ჩანაწერის ათასგვარი ინტერპრეტაცია მოისმინა და წაიკითხა.

„რეალურად, ამ ჩანაწერით მელიამ სააკაშვილის ფლანგი თავიანთ საერთო პატრონებთან და დავალების მიმცემებთან ჩაუშვა და მტკიცებულებაც დაუდო, ესენი რუსულ ინტერესებსაც ითვალისწინებენ დღემდე და ხანდახან მათი აზრი დასავლეთის აზრზე უფრო აინტერესებთო. ამავე დროს, თავიანთ ისედაც იმედგაცრუებულ მომხრეებშიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და თავისი გინების გამართლება და გადაფარვაც სცადა. რეალობა ეს არის და შეთქმულების თეორიების გამოგონება ამ ამბავს არ სჭირდება. მართლა საოცარი ხალხია, რისი დატრიალებაც ქვეყანაში სურდათ, საკუთარ ჩამოშლილ პარტიაში დაატრიალეს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.