მამუკა მდინარაძე მედიის წარმომადგენლებს იურიდიულ კომიტეტზე მომხდარის გამო ბოდიშს უხდის
მამუკა მდინარაძე მედიის წარმომადგენლებს იურიდიულ კომიტეტზე მომხდარის გამო ბოდიშს უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის უმრავლესობის სახელით, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს იურიდიულ კომიტეტზე მომხდარის გამო ბოდიშს უხდის.

ამასთან, მდინარაძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას ხელი არ შეუშალონ.

„ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს მინდა, პარლამენტის უმრავლესობის სახელით, ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ დისკომფორტისთვის, რაც შეიქმნა. ძალიან არ მომეწონა ის ფორმა, რომელი ფორმითაც ერთ-ერთი ჟურნალისტი გაიყვანეს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან. ამისთვის ბოდიში. პირადად მე, შეიძლება, იმ მომენტში იქ არ ვიყავი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ასევე, მინდა, გთხოვოთ, ერთი ქვეყანა დამისახელოთ, სადაც პირდაპირ ეთერში კომიტეტის სხდომიდან ერთვებიან ჟურნალისტები. თქვენ თავს ნუ იმართლებთ, თავი სამართლებელი არ გაქვთ, პირიქით, ბოდიში მოგიხადეთ. ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო საყურებლად ის ფორმა, რომლითაც ერთ-ერთი ჟურნალისტი ტექნიკური შესვენების დროს გაიყვანეს, როდესაც მოწოდების მიუხედავად, ჟურნალისტებმა დარბაზი არ დატოვეს. მაგრამ სანახავად ეს იყო ცუდი და ამითვის მოგიბოდიშეთ. არ არსებიბს ქვეყანა, სადაც კომიტეტის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტები გადაადგილდებიან, გამომსვლელი თუ გამოვა, მასთან მირბიან და ინტერვიუს სთხოვენ. როდესაც რომან გოცირიძე გამივიდა, ყველანი მიხვედით ბატონ რომანთან და ინტერვიუს სთხოვდით. ეს ცივილიზებული, მსოფლიოში მიღებული ფორმა არ არის. ძალიან გთხოვთ, საპარლამენტო საქმიანობას ხელი არ შეუშალოთ“ ,- განაცხადა მდინარაძემ.