მამუკა მდინარაძე - მათი სურვილია, ქვეყანა 20 იანვრამდე ჩაერთოს გაუგებარ მოქმედებებში, ტრამპის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა რომ დახვდეს, მოსწრებაზე არიან, ქვეყანა მეორე ფრონტად გადაიქცეს
მათი სურვილია, ქვეყანა 20 იანვრამდე ჩაერთოს გაუგებარ მოქმედებებში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რთულად დასალაგებელი მძიმე მემკვიდრეობა დახვდეს, მოსწრებაზე არიან, ქვეყანაში რაღაცა შეიცვალოს და მეორე ფრონტად გადაიქცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ადვოკატების პირით ბავშვებს უთვლის, ჯობია, ბოლომდე მიაწვნენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, მსხვერპლი უნდათ, მათ შორის, ადამიანური.
„ამ ბავშვებს ნუღარ უთვლით ადვოკატების პირით, ჯობია, მიაწვეთ ბოლომდე და ამბოხებაზე ილაპარაკეთო. ამბოხებაზე საუბრობს ადამიანი, და მერე იძახით, გვეცოდებაო. თუ გეცოდებათ, გამოშვებაზე უნდა ფიქრობდეთ. და როგორ ფიქრობთ, ვინმე გამოუშვებს? სასამართლოს სტანდარტია, გამოძიების სტანდარტია, ბრალდების სტანდარტია, რომ ადამიანი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს კი არა, პირიქით, აწვება, რა მაგარი ვქენიო და ამბოხებაზე უფრო მეტზე ლაპარაკობს, აქ შეიძლება იყოს მის მიმართ შეღავათები გამოყენებული? არა. მსხვერპლი უნდათ, მსხვერპლი, ადამიანური, მათ შორის. მსხვერპლი უნდათ იმ გაგებით, რომ, აგერ, ბავშვები არიან დაჭერილები, 19- 20 წლის ახალგაზრდებიო, ისევე როგორც სპეცრაზმელებიც არიან 19-20 წლის ახალგაზრდები. დიახ, ისინიც გვეცოდებიან, და ისინიც, ვისაც თავს უტეხენ. მათი სურვილია, ქვეყანა 20 იანვრამდე მაინც ჩაერთოს რაღაც გაუგებარ მოქმედებებში და 20 იანვრამდე, როგორც მინიმუმ, ტრამპის ადმინისტრაციას დახვდეს მძიმე მემკვიდრეობა, რომ რთულად დასალაგებელი იყოს, მოსწრებაზე არიან, ქვეყანაში რაღაცა შეიცვალოს და შანსი დარჩეს, ქვეყანა მეორე ფრონტად გადაიქცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, შეცოდებაზე როდესაც მიდის საუბარი, ჯობია, ადამიანებმა ერთმანეთი შეიცოდონ.
„გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ, რომლის მერე, ერთ კვირაში აქ მართლა ბომბები, შეიძლება, ცვიოდეს, აი, მაშინ უნდა შეგვეცოდოს ერთმანეთი და ის 19-20 წლის ბიჭები – აქეთაც და იქითაც – სპეცრაზმელებიც და ბრალდებულებიც, მაშინ უნდა შეგვეცოდოს, როდესაც საქმე სიცოცხლეზე მიდგება ასობით და ათასობით ადამიანის. რეალურად, მათ გადარჩენაზე ვზრუნავთ. სულ რომ მტყუანები ვიყოთ, ეს რომ თეორიულად დავუშვათ, რწმენაში ვართ, მათნაირ სოროსულ რწმენებში კი არა, არამედ ამ რწმენას ამყარებს კონკრეტული ინფორმაცია – ლოგიკა, რომელიც გაიზიარა ქართველმა ხალხმა და მხარი დაგვიჭირა, ლეგიტიმაცია მოგვცა, რომ ამ გზით ვიაროთ, გავაგრძელოთ სვლა; და მეორე, კონკრეტული ინფორმაცია, რაზეც ვსაუბრობთ და ასევე, რაზეც ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ, რასაც ვსაუბრობთ, ესეც საკმარისია. მერე შეიცოდონ ის ბიჭები, თვითონ რომ გაიქცევიან წითელ ხიდზე და 19-20 წლის ბიჭები შეიძლება აღმოჩნდნენ ომში, სადაც მათ სიცოცხლეს ვინ დაიცავს, კაცმა არ იცის. ამ მოცემულობაში გვეცოდება კიდევ უფრო ჩვენი მოქალაქე, რომლებსაც გარდაუვალ სიკვდილს უქადიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.