მამუკა მდინარაძე - მაშინ, როდესაც ადრესატი არ გაურბის კითხვებს, გუშინ ვნახეთ, რომ პასუხებისგან გაიქცნენ ადამიანები
მამუკა მდინარაძე - მაშინ, როდესაც ადრესატი არ გაურბის კითხვებს, გუშინ ვნახეთ, რომ პასუხებისგან გაიქცნენ ადამიანები

მაშინ, როდესაც ადრესატი არ გაურბის კითხვებს, გუშინ ვნახეთ, რომ პასუხებისგან გაიქცნენ ადამიანები. ეს რაღაც ახალი ფორმატია, წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასურველი იყო ოპონენტებისგან სამთავრობო პროგრამის რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით რამე ხელშესახების მოსმენა.

„ვნახეთ, ახალი პიარსტრატეგია დალაგდა როგორც ჩანს. აქამდე შეიძლებოდა პიარული სტრატეგიის ნაწილი ყოფილიყო კითხვისგან გაქცევა, მაგრამ როდესაც ადრესატი არ გაურბის კითხვებს და მზად არის, ამომწურავი პასუხები გასცეს ყველას, პიარის ახალი ფორმა მივიღეთ და მას ჰქვია პასუხებისგან გაქცევა. გუშინ ვნახეთ, რომ პასუხებისგან გაიქცნენ ადამიანები, ეს რაღაც ახალი ფორმატია, წარმოუდგენელი. მათი საქმეა, ჩვენი არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტული საკითხების მიმართ არსებობს. ჩამოვწერე რამდენიმე კითხვა, რაზეც არა მხოლოდ პოლიტიკურმა ოპონენტებმა, არამედ საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვა და მას ამ მოვლენების პოლიტიკური შეფასება სთხოვა, ასევე ჰკითხა, რა არგუმენტებით იმოქმედა სახელმწიფომ.

ამასთან, მამუკა მდინარაძე დაინტერსდა, სადაც იყო საშუალება, მოხდა თუ არა გაფრთხილება 20 ივნისს და გაფრთხილებულები იყვნენ თუ არა მომიტინგეები სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე.

„ასევე ვიხილეთ ძალის გადამეტების ეპიზოდები, რამდენიმე კადრი მართლაც იყო და უნდა დაისვას კითხვა, ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ პოლიციელები, როდესაც მაგალითად, ვნახეთ ერთი-ორი კადრი, სკვერში მისდევდნენ რომელიღაც მომიტინგეს. რა მოიმოქმედეთ ამის აღსაკვეთად, ვინ დაისაჯა და გამოძიების ფარგლებში რა ხდება, დღეს რა მოცემულობა გვაქვს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. დაისაჯა თუ არა, ისჯება თუ არა დამატებით ვინმე უფლებამოსილების გადამეტებაზე. რამდენი ადამიანია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და ბოლო კითხვა ამასთან დაკავშირებით – შეიძლებოდა თუ არა არ შემოგვეშვა საზღვარზე გავრილოვი და რამდენად ვართ დაზღვეული მსგავსი პრეცედენტებისგან“, – განაცხადა მამუკამდინარაძემ სხდომაზე.