მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძე ტყუილითაც კი თავს იზიანებს
მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძე ტყუილითაც კი თავს იზიანებს

მამუკა ხაზარაძე ტყუილითაც კი თავს იზიანებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანაკლია სახელმწიფოს პრიორიტეტია და ეს კონსტიტუციაშიც წერია.

ტყუილითაც კი, რომელიც გუშინ თქვა, თითქოს ეუბნებოდნენ შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდოდათო, თავს იზიანებს. სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, სად იყო ამდენი ხანი, ახლა გაახსენდა, როცა დასჭირდაო. ათას არარეალურ გარემოებას ვაწყდებით და როდესაც დასკვნის გამოტანა მიწევს, ფაქტებსა და ვიღაცის მონაჭორს შორის, მე ფაქტებს ვენდობი. როდესაც ადამიანი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ტყუილი ისე მოიფიქროს, თავი არ დაიზიანოს, ეს არის გასაკვირი ამ ადამიანის მხრიდან.

ფაქტებსა და არგუმენტებს შორის მე უპირატესობას ფაქტებს ვანიჭებ. ​ფაქტია, ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ანაკლია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. სახელმწიფო დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. თავის დროზე ამ ადამიანებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ ამისთვის. ფაქტია, რომ მათ არაერთხელ მოსთხოვეს სახელმწიფოს გადავადება, არ შეასრულეს ვალდებულება მაშინ, როდესაც არც პროკურატურა და არც მსგავსი სპეკულაციები არაფერ შუაში იყო. ეს არის ფაქტები და ის, რომ ვიღაცამ უთხრა : „ვაიმე, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“, – არის ჭორაობა და ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფომ ვალდებულებაზე მეტი გააკეთა.

„ესეც ფაქტია, რომ სახელმწიფომ იმაზე მეტი გააკეთა, რაც მას ვალდებულება ჰქონდა, ხოლო ხაზარაძემ თავის მხრივ ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა, არც ერთ ეტაპზე. სახელმწიფო დღესაც ცდილობს, ვადის გახანგრძლივებით  შეუქმნას პირობები, რათა რამენაირად შეძლოს ინვესტორის მოზიდვა. ამ პროექტის განხორციელება ჩვენი პრიორიტეტია, რომელიც კინსტიტუციაში ჩავწერეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.