მამუკა მდინარაძე - მადლობა ბრიტანეთის ელჩს, რომ ზუსტად დააფიქსირა პოზიცია და მკაფიოდ აღწერა, რაც სინამდვილეში ხდება
მამუკა მდინარაძე - მადლობა ბრიტანეთის ელჩს, რომ ზუსტად დააფიქსირა პოზიცია და მკაფიოდ აღწერა, რაც სინამდვილეში ხდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონს თავისი პოზიციის დაფიქსირებისთვის, რომელიც სანქციების საკითხს ეხებოდა.

კერძოდ, ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა: „არ გვაქვს უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება“. მისივე შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მარკ კლეიტონმა მკაფიოდ აღწერა ის, რაც სინამდვილეში ხდება.

„ამას ჰქვია გულწრფელი პოზიცია, ბრიტანეთის ელჩის პოზიცია როგორიც უნდა ყოფილიყო. მოულოდნელი, გასაკვირი ნამდვილად არაფერია. მადლობა მას იმისთვის, რომ აბსოლუტურად ზუსტად, მკაფიოდ დააფიქსირა, ერთი მხრივ, თავისი პოზიცია და მეორე მხრივ, ძალიან მოკლედ, მკაფიოდ აღწერა ის, რაც სინამდვილეში ხდება. არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება, არსებობდეს ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ამ ქვეყანას და მეორე მხრივ, ბოროტ რაღაცებს აბრალებენ ხოლმე კონკრეტულ ხელისუფლებებს. ბოლო პერიოდში ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ არ იყო, თუმცა ჩვენ მიმართ განსაკუთრებით იყო ასეთი შეტევა. ბრიტანეთის ელჩმა ამას წერტილი დაუსვა, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში მოხდა. მისი მხრიდან იყო იმის განმარტება, რომ ბუნებრივად ვერ იარსებებს ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია ისიც, რომ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, მისასალმებელია ისიც, რომ მან საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას მიმდინარე ოკუპაციის პირობებში. ეს ქვეყანა შესაძლებლობების ზღვარზე აკეთებს ყველაფერს როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ყველანაირ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, საქართველომ მხარი დაუჭირა. ეს არის ის მიმართულებები, რომლებზე ხაზგასმაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგრამ როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნიდან „ომის“ და „ღალატის პარტიის“ მხრიდან, ასეთ საკითხებს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადამიანები, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და ასეთ მკაფიო პასუხებს იძლევიან. მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.