მამუკა მდინარაძე - ლუკა კალანდიას გამოკითხვით კომისიას განსაკუთრებული ინფორმაცია არ მიუღია 
მამუკა მდინარაძე - ლუკა კალანდიას გამოკითხვით კომისიას განსაკუთრებული ინფორმაცია არ მიუღია 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა, დღეს მ.კ.-ს ძმა, ლუკა კალანდია გამოკითხეს.

გამოკითხვის პროცესი დაახლოებით საათს გაგრძელდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, ლუკა კალანდია ინციდენტის უშუალო თვითმხილველი არ არის, თუმცა მას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, მაინც აქვს.

“დღეს გვქონდა ერთ-ერთ სრულწლოვან მოწმესთან გასაუბრება, რომელმაც მოგვცა ახსნა-განმარტება. ის უშუალოდ თვითმხილველი არ არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის, თუმცა ფლობს ინფორმაციას თავისი ახლობლებისგან და ასევე სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ სწორედ ამ ინფორმაციის მიღება გვაინტერესებდა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება კომისიის კიდევ ერთი წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებას, დღეს კომისიას განსაკუთრებული ინფორმაცია, რომელიც ახალ გარემოებას გამოავლენს, არ მიუღია.

“დღეს ჩვენ გამოვკითხეთ ერთ-ერთი ბრალდებული. მისი გამოკითხვა გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი, რაც საბოლოო ჯამში ალბათ დასკვნაში ასახვას ჰპოვებს. რაიმე ისეთი კონკრეტული და განსაკუთრებული დეტალი, რომელიც შეიძლება იყოს ახალი და საინტერესო, დღეს არ მიგვიღია, მაგრამ ყველა გამოკითხვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გრძელდებოდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.