მამუკა მდინარაძე - ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი
მამუკა მდინარაძე - ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი

ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ მხარეს დგანან ადამიანები თავისი დადგმული სპექტაკლებით, ყალბი სანომრე ნიშნებით და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში განახორციელა 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება.

„ისინი ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ, რომ რაღაც გარიგებებს ჰქონდა ადგილი და „ქართული ოცნება“ ძალადობდა ბიზნესზე, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ. ოქუაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, ვერც იმ მთავარ კითხვაზე პასუხობს, სად მიჰქონდა ის ფული და სად იხდიდა 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს. ერთი სიტყვით, ძალიან დაბნეულები არიან, თუმცა ყოველდღიურად იყენებენ ჩანაწერებს, რომლებზეც რამდენიმე ექსპერტიზა ამბობს, რომ არის მონტაჟი, არის ყალბი“, – აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ორ მხარეს შორის, ვინ არის მართალი.

„საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ ორ მხარეს შორის, ვინ არის მართალი, სად არის სიმართლე და რამდენად შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად მის ინტერესებში ჩამჯდარი ზაზა ოქუაშვილი ამბობდნენ ერთ პროცენტ სიმართლეს მაინც.

რამდენიმე კვირაა, ვუყურებთ და ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი ყველა მედიასაშუალების და უკვე ზაზა ოქუაშვილის მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება დაარტყას „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მყარად დგანან – ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ეს არის მედიის თავისუფლება და დემოკრატია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურამ საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიცემული ჩვენება დღეს გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი