პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი
პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა იქნება შესაძლებელი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება.

„შესაბამისად, პარლამენტში უკვე დაინიცირდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისა და მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება, შემოტანილი იქნას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა. ამასთანავე, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების, ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის, თუ სამედიცინო დაწესებულების დაშვებული შეცდომით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას ლოჯისტიკური, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით მომზადებული შეხვდეს.