მამუკა მდინარაძე - კარგი ამბავია, რომ პრემიერ-მინისტრის პირველივე ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა დასავლეთმა
მამუკა მდინარაძე - კარგი ამბავია, რომ პრემიერ-მინისტრის პირველივე ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა დასავლეთმა

ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველივე ნაბიჯები, პირველივე განცხადებები, პოზიტიურად შეაფასა დასავლეთმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დასავლურ პრესაში უკვე იწერება, რომ გიორგი გახარია არის ევროპელი ლიდერი და მას საკმაოდ რთული გზა ელოდება ერთდროულად ორი გამოწვევის დასაძლევად.

„ერთი ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან ასეთი ვითარებაა, როდესაც ოკუპირებულია ტერიტორიების 20 პროცენტი. ეს ყველაფერი ზედმეტი გამწვავების ფონზე დროთა განმავლობაში უნდა გადაწყდეს. ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ სჭირდება როგორც საკუთარი ხალხის მხარდაჭერა, ასევე ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა ამ გამოწვევების დასაძლევად. ეს არის კონკრეტული რეალური მესიჯი, მათ შორის, არა მხოლოდ მხარდაჭერისათვის, არამედ იმის საპასუხოდ, რა სპეკულაციებსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკეთებენ, რომ იქ რუსული იარლიყის მიწებებას ცდილობენ და ამის პასუხად, ჩვენ ვნახეთ ევროპული და ამერიკული პრესის მხარდაჭერა, რომელიც ამ სტატიაშიც აისახა, ეს არის ამის ერთ-ერთი მაგალითი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ვაშინგტონ თაიმსში“ აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, უესლი (უეს) მარტინის სტატია გამოქვეყნდა სათაურით – „საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას რთული გზა ელოდება, ამ გზის გავლის უნარი აქვს, რისთვისაც თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა დასჭირდება.